მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს ინსტრუმენტი კორუფციისადმი მოწყვლადი დარჩება - ქევხიშვილი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზაციის ცვლილებებზე

ქევხიშვილი

ეს ინსტრუმენტი კვლავ კორუფციისადმი მოწყვლადი დარჩება - ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

როგორც სანდრო ქევხიშვილი BMG-სთან აცხადებს, მხოლოდ კრიტერიუმების განსაზღვრა კორუფციის რისკებს ვერ დააზღვევს, თუ თავად პრივატიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა არ შეიცვალა.

„აქამდე კრიტერიუმები ფორმალურადაც არ იყო დადგენილი და ეს მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე იყო, პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს რაც მოუნდებოდა და ვისაც მოუნდებოდა, იმას აძლევდნენ ქონებას, რა ფასადაც მოუნდებოდათ და რა პირობებითაც. ხშირად ფასი სიმბოლური იყო, ხოლო პირობები არაადეკვატური. ამ პირობებს კომპანიები ძალიან ხშირად არ ასრულებდნენ და შემდეგ ამას პატიობდა მთავრობა. ამიტომ, ეს ძალიან კორუფციისადმი მოწყვლადი ინსტრუმენტი იყო და იქნება კიდევაც.

თავიდანვე იყო საუბარი რაღაც კრიტერიუმების დაწესებაზე, რა შემთხვევაშიც პირდაპირი წესით ქონების გაცემა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, უარი არ არის ამაზე ნათქვამი და ეს კრიტერიუმები, რაც არ უნდა დადგინდეს, ის კორუფციული რისკი, რაც თან სდევს ასეთი ტიპის პრივატიზაციას, არსად არ წავა. მხოლოდ იმის გამო, რომ კორუფციული სისტემა, სადაც გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი უწყება და ერთი ძალა, ეს არ შეცვლილა და ამის შეცვლას არ აპირებენ.

რაღაც დამოუკიდებელი საბჭოს ან დამოუკიდებელი აქტორების შემოყვანა პროცესში, რომ შემდეგ მათ მიიღონ გადაწყვეტილება, რა უნდა გასხვისდეს და რა – არა, აი, ეს რომ იყოს, კი ბატონო, მაშინ ვისაუბრებდით, რომ რაღაცნაირად შეიცვალა სისტემა, თუმცა, ისევ მთავრობა მიიღებს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას, თუნდაც იმას, კრიტერიუმს, აკმაყოფილებს თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო ქონება. ისევ მთავრობა იღებს ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა. 8 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების შემდეგ, მისმა კაბინეტმა პრაქტიკულად სრულად უარი თქვა პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზაციაზე და ამ საკითხის მოწესრიგება კანონის დონეზე უნდოდა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან 60 დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები