მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წყალი მარგებელი" პლასტიკის შეფუთვის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადაა - განცხადება

ნაბეღლავი

„ნაბეღლავის“ და „ბახმაროს“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელში“ მზად არიან პლასტიკის შეფუთვის აკრძალვასთან დაკავშირებით საჯარო სექტორთან კონსტრუქციული კონსულტაციები გამართონ. ამის შესახებ კომპანიის მიერ BM.GE-სთვის გამოგზავნილ პასუხში წერია.

ფინანსური ზარალი, კადრების ოპტიმიზაცია, კომპანიების ნაწილის დახურვა - ამ რისკების შესაძლებლობას გამოყოფენ „წყალი მარგებელში“ პლასტიკის შეფუთვაში სასმელების გაყიდვის აკრძალვის შემთხვევაში და აცხადებენ, რომ ინდუსტრიაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოებისთვის რისკების შემცველია. „წყალი მარგებელში“ განმარტავენ, რომ უალკოჰოლო სასმელების PET შეფუთვა ნარჩენების საერთო ნაკადში 10%-საც არ აღწევს. შესაბამისად, მხოლოდ ამ სექტორზე მსგავსი ტიპის შეზღუდვის გავრცელება სისტემურ შედეგს ვერ მოიტანს.

„ჩვენი მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა კონსტრუქციული კონსულტაციებისთვის, რათა წარვადგინოთ ჩვენი არგუმენტები და შევიმუშაოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება დაბალანსებული და პრაქტიკულად განხორციელებადი. ასევე ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც არსებობს სიგნალები დიალოგისა და კონსულტაციების მზაობაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლასტიკის მართვის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ მიმართულებით ვადასტურებთ მზადყოფნას განვიხილოთ ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გლობალური პრაქტიკები და აქტიურად ჩავერთოთ ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავებაში“, - ნათქვამია „წყალი მარგებელის“ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები