შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ახალი დირექტორი ჰყავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, სახელმწიფო კომპანიას გიორგი შონია უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორი წელს მეორედ შეიცვალა. აქამდე თანამდებობას ვაკის ყოფილი გამგებელი, დავით კვინიკაძე იკავებდა, რომელიც თითქმის 4 თვის წინ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დაინიშნა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი კომპანიის წინა ხელმძღვანელის შეცვლის მიზეზის შესახებ. BM.GE საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ დავით კვინიკაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, პარასკევს დატოვა.
"ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალი დირექტორი, გიორგი შონია, კომპანიის თანამშრომლებს წარუდგინა
მინისტრმა ხაზი გაუსვა გიორგი შონიას საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას და წარმატება უსურვა მას ახალ თანამდებობაზე
რევაზ სოხაძემ, ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების საქმიანობა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, სამინისტროს ამოცანაა სწრაფად მივიღოთ შედეგები და ამასთან, ყველა პროექტი მაღალი ხარისხით შესრულდეს
გიორგი შონიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, ის იკავებდა კომპანიის დირექტორის მოადგილის თანამდებობას; მუშაობდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად; საქმიანობდა თბილისის საკრებულოში სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო მანამდე ჰქონდა კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებაც",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























