“საბჭოთა წარსულის მარწუხებიდან გათავისუფლებასთან ერთად, საქართველოს ახალი სქემა მიზნად წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას და ქალაქის მსოფლიო დონის სპა მიმართულებად ქცევას ისახავს”, - ასე იწყება BBC Travel-ის სტატია, რომელიც კორესპონდენტმა რიჩარდ კოლეტმა წყალტუბოში მოგზაურობის შესახებ დაწერა.
“თერმულ წყაროებზე დაფუძნებული წყალტუბო, რომელიც ქუთაისიდან 15 წუთის სავალზეა, ერთ დროს, სახელმწიფოს მიერ გამოწერილ არდადეგებზე, ყოველწლიურად საბჭოთა კავშირის ასი ათასობით მოქალაქეს იღებდა. წყალტუბო საბჭოთა კავშირის ყველაზე მასშტაბური სპა-ქალაქი იყო, თუმცა 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სანატორიუმები უპატრონოდ დარჩა”, - წერს ავტორი.
რიჩარდ კოლეტი ადგილობრივ გიდს, ლაშა ქუთათელაძეს ესაუბრა, რომელმაც ბრიტანულ აუდიტორიას კურორტის ისტორია გააცნო. ავტორი სტატიაში წყალტუბოს ბალნეოლოგიურ ზონაზე წერს, სადაც ბუნებრივი მინერალური წყლები აბანოებსა და სამედიცინო დაწესებულებებშია განაწილებული. “ადგილზე 9 აბანო დაგვხვდა, რომლებსაც, სანატორიუმებისგან განსხვავებით, სასტუმრო ნომრები და რესტორნები არ ჰქონდა”.
ავტორი აღნიშნავს, რომ მიტოვებული იერი, რომელიც ქალაქს აქვს, შეცდომაში შემყვანია, რადგან თუ წყალტუბოს ახლოდან დააკვირდები და სასტუმროებსა და სანატორიუმებს გასცდები, სახლების აივნებზე ხალხს შენიშნავ და “შეიძლება, შორიდან მოსული ხაჭაპურის სუნიც კი იგრძნო”.
კოლეტი აღნიშნავს, რომ ათწლეულების განმავლობაში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომს გამოქცეული დევნილები სწორედ წყალტუბოს სასტუმროებში პოულობდნენ დასარჩენს. ბრიტანელმა ჟურნალისტმა რამდენიმე მათგანთან ინტერვიუც ჩაწერა.
“საქართველოში ცვლილებები სწრაფად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოს მატარებლის სადგური ჯერაც ჟანგს იკიდებს, ქალაქი მხოლოდ 25 წუთითაა დაშორებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისგან, რაც მას ევროპის დიდ ნაწილთან ადვილად აკავშირებს.
საქართველოში ტურიზმი ყვავის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წელს 7.1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი დათვალა, 30.3%-ით უფრო მეტი, ვიდრე 2022 წელს. წყალტუბო კი შესანიშნავი ადგილია, რომლის კაპიტალიზაციაც მისი მრავალწლიანი სპა-ისტორიის ხარჯზეა შესაძლებელი”, - აღნიშნავს ავტორი.