წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმები საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა.
სანატორიუმი „რკინიგზელი“ - საწყისი ფასი ₾5 135 000
იყიდება წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 5 135 000 ლარად. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი 21 ივლისს დასრულდება.
სანატორიუმი „იმერეთი“ - საწყისი ფასი ₾3 124 500
პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. აღნიშნული სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარია. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი 21 ივლისს დასრულდება.
ცნობისთვის: „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს იყო. დღეის მდგომარეობით, პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა.
ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.
2023 წელს წყალტუბოში 3 სანატორიუმი გასხვისდა - ვინ, რამდენად და რა საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა?