ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოსა და ხაშურში ორი ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის ₾12.1-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთთან" გაფორმდა და მისი შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტების ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოეწყობა რაგბის ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათების თანამედროვე სისტემები.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა. ტენდერში მონაწილეობა სულ რვა კომპანიამ მიიღო და მასში ყველაზე დაბალი ფასი - 12.1 მილიონი ლარი სწორედ "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა" წარადგინა, რაც სავარაუდო ღირებულებაზე 15.2 მილიონ ლართან შედარებით 3.1 მილიონი ლარით ნაკლებია.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანახმად, ამ დროისთვის რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება/მშენებლობა მიმდინარეობს ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში, ასევე დაგეგმილია სტადიონების მოწყობა თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, უწყების თანახმად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.




























