რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ წყლის მიწოდების შეწყვეტამ რესტორნების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. შოთა ბურჯანაძის თქმით, ობიექტების წარმომადგენლები წყალს ყიდულობენ და მარაგს ავსებენ.
"რესტორნებში წყალს ყიდულობენ და საქმიანობას ამ მარაგებით ასრულებენ. ტექნიკურად ძალიან რთული სიტუაციაა. წყალი მხოლოდ და მხოლოდ კერძის მოსამზადებლად არ არის საჭირო. მნიშვნელოვანია ჰიგიენის კუთხითაც. შესაბამისად, საკითხი მარტივად გადასაჭრელი არ არის. წყალი იმდენად დიდი პრობლემა არის, რომელსაც შეუძლია, ეკონომიკური საქმიანობა გააჩეროს და რესტორანმა ფუნქციონირება შეწყვიტოს", - აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.
თბილისის ნაწილს წყალი უკვე მეორე დღეა არ მიეწოდება. მიზეზი წიწამურში ქსელის დაზიანებაა. GWP-ის პირველადი მონაცემებით, სამუშაოები ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დამთავრდება. როგორც რესტორატორი აცხადებს, წყლის ერთი კვირით შეწყვეტა, კოლაფსია.
"ერთი - ორი დღე, თვითმომარაგებით, შეიძლება, პრობლემა გადაიჭრას. ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. მაშინ, როდესაც წყლის რაოდენობის დიდი გამოყენებაა ობიექტებზე, მთლიანად უზრუნველყოფა, წარმოუდგენელია. ერთი კვირა ის პერიოდია, როდესაც რესტორანმა, შეიძლება, მუშაობა შეწყვიტოს. ამასთან, მნიშვნელოვანია სასტუმროს თემაც. დღეს ინფრასტრუქტურა ისე მოგვარებული არ არის, რომ ვინმეს სახურავზე დიდი რეზერვუარი ჰქონდეს. წყლის ერთი კვირით შეწყვეტა, კოლაფსია", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.