სასტუმრო „ნუნისის“ დამფუძნებლის ირმა დაუშვილის თქმით, ბალნეოლოგიურ კურორტზე წყლის ლიცენზიის მოპოვებაზე მარტში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ამ დრომდე აუქციონი არ გამოცხადებულა. „საქმიან დილასთან“ საუბრისას, დაუშვილმა განაცხადა, რომ მათთვის შეფერხების მიზეზი უცნობია.
სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ კურორტზე 5 მლნ ლარის ინვესტიციის ჩადება ერთი მხრივ აუქციონის არგამოცხადების და მეორე მხრივ, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ფერხდება.
„სამწუხაროდ, პროცესი ვერ დასრულდა, თუმცა შეფერხების მიზეზი ჩვენთვის ცნობილი არ არის. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ მოლაპარაკება ახლიდან შედგება. გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.
ეს მნიშვნელოვანია რადგან ნუნისში სერიოზულ ინვესტიციას ვგეგმავდით, საუბარი იყო 5 მლნ ლარზე, რომელიც ფერხდება ინფრასტრუქტურული გარემოს გამოც. კარგია, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა და დაიწყეს მუშაობა, თუმცა დასრულების ვადებზე არაფერი ვიცით. საუბარია სულ 28კმ-იან გზაზე.
პრობლემაა რკინიგზის რეაბილიტაციაც და ამ მხრივ დარღვეული ვადებიც. კარგი იქნებოდა თუ ვადების მოთხოვნა გამკაცრდებოდა. რამდენადაც ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, ივლისში თუ არა რკინიგზის რეაბილიტირებული სადგური სექტემბერში მაინც უნდა გახსნილიყო, ამ დრომდე არ ჩერდება მატარებელი მოლითში. უკვე თითქმის 1 წელია ასეა, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო გზა ჩაეკეტა კურორტს.
ამ მაღალმთიანი რეგიონისთვის და ახლომდებარე სოფლებისთვის ბალნეოტურიზმის განვითარება ნადვილად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, პირველ ეტაპზე თანამედროვე 30-ნომრიანი სასტუმროს გახსნა, თავისი რესტორნით, კაფით. ასევე ვგეგმავთ ბალნეულოგიური ცენტრის რეკონსტრუქციას, რათა სტუმრებმა სრული მომსახურება მიიღონ. ვგეგმავთ მიმდებარე ტერიტორიის განახლებასაც. ვადებს რაც შეეხება, წყლის ლიცენზიაზეც ვართ დამოკიდებული, თუმცა პირველი პროექტი უნდა განხორციელდეს პირველ 5 წელში და შემდეგ ეტაპობრივად“, - განაცხადა დაუშვილმა.