თბილისის მერია წყნეთის ცენტრის რეაბილიტაციას და ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობას გეგმავს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ვგეგმავთ წყნეთის ცენტრის რეაბილიტაციას, განახლებას. ეს შეეხება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვის გაჩნდება შესაბამისი სივრცეები, ტროტუარები, მოხდება დახაზვითი და გამწვანებითი, ასევე განათების სამუშაოები, მთლიანად იქნება მოწესრიგებული, განახლებული. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წყნეთის ცენტრშიც გაკეთდეს ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, რაც, ვფიქრობ, ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულომ 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ₾2.19 მილიარდს შეადგენს. კახა კალაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ვადებში შესრულდება წყნეთის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი ან რა თანხა გამოიყოფა მისთვის აღნიშნული ბიუჯეტიდან.




























