მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ადამიანურ კაპიტალშიც ისე ჩავდებთ ინვესტიციას, როგორც ინფრასტრუქტურაში, პორტები უფრო მდგრადი გახდება" - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ივანე აბაშიძე

„თუ ადამიანურ კაპიტალში იმავე მონდომებით ჩავდებთ ინვესტიციას, როგორც ინფრასტრუქტურაში, პორტები არა მხოლოდ უფრო მწვანე, არამედ უფრო მდგრადი, ინოვაციური და მომავლის გამოწვევებისთვის უკეთ მომზადებული გახდებიან“, - ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ Posidonia 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს პორტების განვითარებაში, ლოგისტიკაში, ციფრულ სერვისებსა და საზღვაო კავშირების გაძლიერებაში. ამასთან, როგორც ივანე აბაშიძემ გამოსვლაში აღნიშნა, პორტების მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის წარმატება მხოლოდ ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურასა და რეგულაციებზე არ არის დამოკიდებული.

„როდესაც ვსაუბრობთ დეკარბონიზაციაზე, დიგიტალიზაციაზე, ალტერნატიულ საწვავზე, ჭკვიან ინფრასტრუქტურასა და ემისიების შემცირებაზე, ყურადღება ხშირად ტექნოლოგიებზეა გამახვილებული, თუმცა, მწვანე ტრანსფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრანსფორმაციაა. ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის წარმატებული დანერგვა დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც შეძლებენ მის მართვას, ტექნიკურ მომსახურებას, რეგულირებას, ინსპექტირებასა და მუდმივ გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, მზად არიან თუ არა პორტები მომავლისთვის — მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არის სამუშაო ძალა მომავლის გამოწვევებისთვის“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ივანე აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, თანამედროვე საპორტო სექტორში დასაქმებულებს უწევთ ადაპტირება ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და ალტერნატიული ენერგეტიკული სისტემები. შესაბამისად, მისი შეფასებით, უწყვეტი სწავლება და პროფესიული გადამზადება უკვე არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.

ცნობისთვის, POSIDONIA მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ საზღვაო სექტორის ლიდერებს, გემთმფლობელებს, საზღვაო ადმინისტრაციებს, ნავსადგურებს, საზღვაო ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს. POSIDONIA 2026 1-5 ივნისს ათენში გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები