მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ ადრე ტრანზიტული ჰაბი ვიყავით, ახლა უცხოელი დილერებისთვის ტრანსფერულ პუნქტად ვიქეცით - ალექსი ნონიაძე

ალექსი ნონიაძე

"საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ სექტორისთვის კვლავ გამოწვევაა უცხოელი შუამავლებისგან მომდინარე კონკურენცია.

როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, ყაზახებმა და ყირგიზებმა ტექნიკური მომსახურების სფერო აითვისეს და უკვე საკუთარი ბაზრობებიც აქვთ.

"ადრე თუ ჩვენ ვიყავით ტრანზიტული პუნქტი, ჰაბი, ახლა უფრო უცხოელი დილერებისთვის ვიქეცით ტრანსფერულ პუნქტად. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე დილერი არსებობდა, როგორც შუალედური რგოლი ლოგისტიკურ ჯაჭვში, მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძირითადი ნაწილი ავტომობილების, ჩამოდიოდა საქართველოში და მერე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ამ მეზობელ ქვეყნებში, აქ ჩერდებოდა ეს ავტომობილი და დამატებით ღირებულებას ქმნიდა. ახლაც ქმნის დამატებით ღირებულებას, მაგრამ არა იმდენს, რაც ადრე. ეს აკლდება ქვეყნის ეკონომიკას. კონკურენციაში შემოვიდნენ უცხოელი, არარეზიდენტი პირები. ესენი არიან ყაზახები, ყირგიზ დილერები, ადგილზე გახსნეს მათ არა მარტო ოფისები, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროც აითვისეს, რაღაც ნაწილი ბაზრობის შეიძინეს და საკუთარი ტერიტორიაც გააჩნიათ",- ამბობს ალექსი ნონიაძე.

მისივე თქმით, საჭიროა საკითხზე სახელმწიფომ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს და დარგი დაიცვას.

"[სახელმწიფო სტრუქტურები] ისინი ხედავენ ასე, რომ კონკურენცია უნდა იყოს და კონკურენციამ უნდა გადაწყვიტოს. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ. განათლებით ეკონომისტი ვარ და დოქტორის ხარისხი მაქვს, ვასწავლი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და სტუდენტებს ვასწავლი იმასაც, რომ როდესაც სტრატეგიული ობიექტია და ან სტრატეგიული მიმართულება, სახელმწიფომ შეიძლება დროებით პოლიტიკური ნება გამოიჩინოს. პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის დარგი დაიცვა, რომელიც ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია",- აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, დარგში კომპანიების ზრდის პარალელურად, რეექსპორტი შესაბამისი ტემპით არ იზრდება, ამიტომ ახალი ბაზრების მოძიებაა საჭირო.

"რეექსპორტი რომ გაორმაგებული გვქონოდა, პრობლემები არ იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ დავრჩით იქ, სადაც დავრჩით და ხდება ახალი მოთამაშეების შემოყვანა ბაზარზე, იმიტომ, რომ ბაზარი თავისუფალია. თუ არ მოხდა ახალი ბაზრების გამოჩენა, ეს კომპანიები როგორც გაჩნდნენ, ისევე დაიხურებიან",- ამბობს ალექსი ნონიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები