მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ანაკლიის აშენება მართლა უნდათ, გზა და რკინიგზა მიიყვანონ - ხაზარაძე მთავრობაზე

629c7a4ba2023
თელარა გელანტია
05.06.22 13:49
2078
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი; "ანაკლიის განვითარების კონსორციუის" ინვესტორის ბობ მეიერის დავა - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი - საინვესტიციო საარბიტრაჟო დავების შესახებ მონაცემები BMG-მ იუსტიციის სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ინვესტორებმა საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი 2022 წელს შეიტანეს. დავა მიმდინარეა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში საერთაშორისო არბიტრაჟში დავის დაწყების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს. ამასთან, მისი თქმით, თუ დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად, არბიტრაჟიდან სარჩელს უკან გამოიტანს.

„ჩვენ საერთაშორისო არბიტრაჟში რატომ წავედით?! - განა იმიტომ, რომ ფული მოვთხოვოთ სახელმწიფოს - არა. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ და საერთაშორისო ბერკეტი გვქონდეს, რომ ანაკლია ავაშენოთ და არა ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ფული წავართვათ. მსგავსი რამ რამ თავში არც მოგვსვლია.

როცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩრდილეთის გზები ჩამოვიდა სამხრეთით და ეს სამხრეთი ვართ ჩვენ ანუ შუა დერეფანი არის საქართველო და ამ დროს პოლიტიკურად გეშინია ხმამაღლა თქვა, რომ მოდი, დავა შევწყვიტოთ, შევხვდეთ იმ ინვესტორებს, რომლებმაც ანაკლიაში ფული უკვე ჩადეს - ამერიკელების და ჰოლანდიელების მიერ 80 მილიონი დოლარია ჩადებული - და შესთავაზო მათ პროექტის განახლება ანუ არ ხარ დაინტერესებული პროექტის განხორციელებით.

ამდენად, ამ მთავრობის ხელში ანაკლიის პორტის აშენების რელურ შანსს ვერ ვხედავ, მაგრამ დღეს ჩხუბის დრო არაა. დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის მომენტია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებშია.

სამი წელია იმეორებენ, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტია. თუ მნიშვნელოვანია, გზა გააკეთე, რკინიგზა მიიყვანე და აჩვენე ინვესტორებს, რომ ემზადები , მაგრამ პროექტირების დონეზეც კი რომ ხუთჯერ ჩააგდე <გზის და რკინიგზის პროექტი>, უკვე საფუძლიანი ეჭვი არსებობს, რომ შენ ამის გაკეთება არ გინდა როგორც სახელმწიფოს, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

არ ვიცი, რა გარანტია უნდა დადოს სახელმწიფომ, რითი უნდა იყოს ის გამყარებული, მაგრამ მე მზად ვარ <სარჩელი გამოვიტანო არბიტრაჟიდან>, ოღონდ ამ ქვეყანაში რამე გაკეთდეს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე და იქვე ხაზს უსვამს იმას, რომ ვიდრე საქმე არბიტრაჟშია, ახალ ინვესტორებთან საუბარს აზრი არ აქვს.

„დღეს რომ ანაკლიის პორტი არსებობდეს, ეს იქნებოდა საქართველოსთვის ეკონომიკისთვის გარდატეხა. ამდენად, დღეს რომ ბიზნესში ვიყო, აუცილებლად ავაშენებდი ანაკლიის პორტს და „ანაკლიის სმარტ სითის“, მაგრამ რადგან ბიზნესიდან ეს ყველაფერი არ გამოგვივიდა, არ მოგვცეს ამის საშუალება, ახლა ვარ პოლიტიკაში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში მსგავსი პროექტები განხორციელდეს.

ბიზნესში აქციონერებმა ისწავლეს, რომ კარგი მენეჯერები უნდა შეარჩიონ და თუ არ გამოდგება, გაუშვან. ამომრჩეველმაც უნდა ისწავლოს ვინ დაიქირაოს - პოლიტიკაში ხელისუფლებებს ვქირაობთ, რომ მოგვემსახურონ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პირობები მოამზადა - ამის შესახებ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშში არის ნათქვამი. დოკუმენტში მითითებულია, რომ ახალი ტენდერისთვის პირობები შემუშავებულია, მაგრამ არაა დაკონკრეტებული, როდის იგეგმება შესაბამისი ტენდერის გამოცხადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები