მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: ანაკლიის პორტის მშენებლობა პრიორიტეტად რჩება

6297703f954c9
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.22 18:14
2376
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პირობები მოამზადა - ამის შესახებ მთავრობის საქმიანობის ანგარიშში არის ნათქვამი. დოკუმენტში მითითებულია, რომ ახალი ტენდერისთვის პირობები შემუშავებულია, მაგრამ არაა დაკონკრეტებული, როდის იგეგმება შესაბამისი ტენდერის გამოცხადება.

ამასთან, მთავრობა მიუთითებს, რომ ანაკლიის პორტი “პრიორიტეტად რჩება”. მსგავსი შინაარსის განცხადებების ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებათ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმში”, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა აპრილში bm.ge-ის განუცხადა, რომ არცერთი რეპუტაციული ინვესტორი არ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, რადგანაც ანაკლიის საკითხს ამჟამად საერთაშორისო არბიტრაჟი განიხილავს.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის შესახებ წერს:

“პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. 2021 წლის 13 მაისს, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას − MTBS-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ფარგლებში არსებული კვლევების განახლება და დამატებით ახალი კვლევების შემუშავება, კერძოდ, კომპანიამ შეასრულა შემდეგი კვლევები: (ა) ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ტვირთნაკადების პროგნოზი რამდენიმე ალტერნატიული სცენარის გათვალისწინებით; (ბ) ფინანსური/ბიზნესმოდელის განახლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზისთვის; (გ) ტვირთბრუნვის კვლევის განახლებისა და ფინანსური მოდელის საფუძველზე, ყველაზე ოპტიმალური საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელის შესახებ რეკომენდაციების წარმოდგენა, მათ შორის, რისკების განაწილებისა და კერძო ინვესტორებისგან მოსაზიდი კაპიტალის ოდენობისა და ვადების თაობაზე; (დ) მარკეტინგის სტრატეგიისა და გეგმის წარმოდგენა პროექტის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის, ასევე ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, ამავე კომპანიამ განახორციელა საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და მოამზადა რეკომენდაციები შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვის თაობაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის განვითარების კუთხით სრული სურათის აღქმისა და გაანალიზებისთვის.

ამასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მომზადდა დოკუმენტაცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ახალი შესარჩევი პროცესის დასაწყებად", -  ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის 35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი კვლავ რჩებიან ანაკლიის პროექტის ერთგულები და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. ამ დრომდე უცნობია როდის იგეგმება ამ ტენდერის გამოცხადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები