ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ირაკლი ბაიდაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-თან პირდაპირი ფრენების დაწყებას სჭირდება დახმარება როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციების სახით. ასე უპასუხა ბაიდაშვილმა bm.ge-ის მიერ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, აქვს თუ არა ქვეყანას პერსპექტივა და რა ნაბიჯებია გადასადგმელი.
„ბიზნესის მოსაზრება არის ის, რომ გათვლების შედეგად ეს არ გახლავთ ბიზნესის საკითხი. თუ გვინდა, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აშშ-სთან, ამ საკითხს სჭირდება დახმარება - თანხის გამოყოფის სახით, ინსტიტუციების სახით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ ასეთ დროს მეტი მოქნილობა და გავიაზროთ ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შესაბამისი მოქნილობა გამოვიჩინოთ - ან დავაფინანსოთ სხვანაირი პროგრამებითა და პირობებით მივეხმაროთ. ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ მუშაობა მუდმივად მიდის. ჩვენ არც ყურადღებას ვაკლებთ ამას, არც იმპულსებს - იმედია მალე გადაწყდება“, - განაცხადა ბაიდაშვილმა.