ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ მოვა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში, თუ ძალადობა განხორციელდება დემონსტრანტებზე და შესუსტდება დემოკრატია, აშშ-ის მხრიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
ამის შესახებ მან საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მაგალითისთვის, აშშ ამ ეტაპზე საქართველოსთან თანამშრომლობის და დახმარებისთვის გამოყო 390 მლნ დოლარი, ნაწილი მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეს ყველაფერი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა და აშშ მოიაზრება არა მომხრედ, არამედ მოწინააღმდეგედ.
თუკი ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძირის გამოთხრა, ძალადობა, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, აშშ-ის მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები, პირველ რიგში ეს შეეხება ფინანსურ მხარეს, ეს იქნება ასევე მგზავრობაზე, კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებაზე. თუმცა მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მინდა ასე მოხდეს, არა, ჩვენ გვინდა საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს, რომ ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება დღეს. თუ არადა ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხებს“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
მისი თქმით, თუკი დასავლეთის მიმართ რიტორიკა არ შეიცვლება, ეს იქნება დამაზიანებელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.