ბუტიკ-საკონდიტრო "ფუსფუსის" დამფუძნებელი ნათია ყურშუბაძე დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი შვედეთის მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობის შეჩერების განცხადებას ქვეყნისთვის "ძალიან დიდ დარტყმად" აფასებს და თვლის, "არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპამ საბოლოოდ უარი თქვას ჩვენზე!".
შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამომცემლობა Sweden Herald-მა გაავრცელა.
ნათია ყურშუბაძე განმარტავს, რომ "ფუსფუსი" შვედეთის საელჩოს მიერ გამოცხადებული პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომლის ფარგლებშიც, მცირე მეწარმეებს საჭირო ინვენტარის შეძენა შეეძლოთ.
"ვალდებული ვარ, ეს დავწერო. შვედეთის საელჩო იყო, რომელიც ძალიან ზრუნავდა მეწარმე ქალებზე და ხელს უწყობდა მათი საქმიანობის განვითარებას. მე ვარ ერთ-ერთი, მათ მიერ დაფინანსებული მეწარმე ქალი...
...ძალიან დიდი დარტყმაა ეს ყოველივე ქვეყნისთვის! არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპამ საბოლოოდ უარი თქვას ჩვენზე! იმედი მაქვს, მცირე თუ საშუალო მეწარმეები არ გავიწირებით ბოლომდე და ჩვენც არ მოგვიწევს ემიგრაციაში გადახვეწა იმისთვის, რომ, თუნდაც, არსებული სესხები, რაც ჩვენს საქმიანობას მოვახმარეთ, ამით დავფაროთ და სხვა ხსნა, სხვა გზა ვერ მოვიპოვოთ", - წერს "ფუსფუსის" დამფუძნებელი.
ნათია ყურშუბაძე BM.GE-სთან შვედეთის სახელმწიფო დაფინანსებასა და საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე საუბრობს.
"2 წლის წინ, გადავაწყდი ინფორმაციას, სადაც, მეწარმე ქალების განვითარების ხელშეწყობიათვის, შვედეთის საელჩოსა და საქართველოს ბანკის დაფინანსებით 5-დღიანი ტრენინგი ეწყობოდა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე ქალებმა სხვადასხვა სპიკერისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და მოვისმინეთ.
შემდეგ, ახალ წელს, იგივე შვედეთის საელჩოს დაფინანსებით, მეწარმე ქალებმა მონაწილეობა მივიღეთ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც წარვადგინეთ ჩვენი ნაშრომები, რამაც საკმაოდ კარგი გაყიდვები მოგვიტანა და, რაც მთავარია, გაგვეზარდა ცნობადობა.
წელს უკვე, 2024 წლის ივლისში, გამოაცხადეს გრანტი, რომლითაც 15 ქალი მეწარმისთვის, $5000-ის ფარგლებში, ყველა იმ საჭირო ინვენტარს შეისყიდდნენ, რაც ხელს შეგვიწყობდა ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებაში. "ფუსფუსისთვის" შეისყიდეს სამი მაცივარი, პლანეტარული მიქსერი, უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა, ტოსტერი, ფრიტური..." - აღნიშნავს "ფუსფუსის" დამფუძნებელი.
ნათია ყურშუბაძე აღნიშნავს, რომ თუ ამ ტენდენციას უცხოელი დონორები აჰყვებიან, საქართველოში მცირე და საშუალო მეწამრეებისთვის დაფინანსების წყარო არ დარჩება.
"თუ უცხოელი დონორები უარს იტყვიან მსგავს პროექტებზე და დაიხურება არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთოდ უპატრონოდ დავრჩებით მცირე და საშუალო მეწარმეები. ამ ქვეყანაში იარსებებს მხოლოდ მსხვილი ბიზნესები, მცირეები, ალბათ, ემიგრაციაში გადავიხვეწებით, დასაქმებულთა რაოდენობა კი კიდევ უფრო შემცირდება", - განაცხადა ყურშუბაძემ.
"ფუსფუსის" პირველი ფილიალი დამფუძნებელმა 2024 წლის დასაწყისში გახსნა, შემდეგ კი, მისივე განმარტებით, ფართის დახურვა და საშინაო წარმოებაზე დაბრუნება მოუწია. ნათია ყურშუბაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ და პროდუქტების გაძვირებამ, ბიზნესს ზიანი მიაყენა, რის გამოც, წინასაარჩევნო პერიოდში "ფუსფუსის" განვითარებაზე აღარ უფიქრია.
"სამწუხაროდ, მიუხედავად ასეთი ხელშეწყობისა შვედეთის საელჩოს მხრიდან, ფუსფუსი დაიხურა, რადგან ვერ გავწვდი აუარება ხარჯებს - ქირას, პროდუქტის ფასების ზრდას. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ლარის გაუფასურებამ დიდი დარტყმა მომაყენა ასევე, რადგან, აქციების ფონზე, საქმიანობა საერთოდ გამეყინა და წიხლით გამქონდა თავი რასაც ჰქვია. შემრჩა სესხები, რომელიც საკმაოდ დიდ პროცენტში მაქვს აღებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, მთავრობის მხრიდან, არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს მცირე და საშუალო მეწარმეებს, პირიქით, ყველაზე დიდ წნეხში ვართ.
ინტუიციით ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა არჩევნებს და ისიც ვიცოდი, რომ აქციები გარდაუვალი იქნებოდა. გაზაფხულის აქციების შემდეგ, დიდი გამოცდილება მივიღე და ამიტომ, დროულად ვუშველე თავს და დავხურე "ფუსფუსი".
ამ ეტაპზე ვაკვირდები მოვლენებს, შიგადაშიგ ვათვალიერებ განცხადებებს, სადაც ქირავდება კომერციული ფართები, მაგრამ ფასები კოსმოსში გადის, რასაც ვერ გავწვდები და ვერც წავალ ამ რისკებზე იქამდე, სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ დალაგდება, არ დარეგულირდება ფასები. ამიტომაც, ისევ გადმოვიტანე სახლში ყველაფერი და ვაგრძელებ სახლიდან საქმიანობას იმისთვის, რომ არსებული სესხების გადახდა მოვახერხო, რაც ძალიან მიჭირს.
თუ ოპტიმისტურად ვიფიქრებ, იმ შემთხვევაში გააგრძელებს "ფუსფუსი" თავის საქმიანობას, თუ საქართველო გაიმარჯვებს ამ ომში და არ დაუშვებს იმას, რომ ევროპამ საბოლოოდ თქვას უარი.
ნეგატიური ფიქრი მხოლოდ ერთია - უკიდურეს შემთხვევაში, ოჯახით წასვლა ემიგრაციაში, იმისთვის, რომ იპოთეკით დატვირთული სახლი ჩემს შვილს არ დავუკარგო", - ამბობს "ფუსფუსის" დამფუძნებელი.
29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მინისტრის თქმით, თანამშრომლობა მომავალში შეიძლება აღდგეს, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს.
სტოკჰოლმის ცნობით, საქართველოსთვის, წელიწადში, დაახლოებით, 200 მილიონი კრონი იყო გამოყოფილი, საიდანაც წელს 25 მილიონი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის გათვალისწინებული.