მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, იქ ინვესტიციას არავინ ჩადებს“- „სიმეტრია“

სიმეტრია

„თუ რაიმე არ უხდება საინვესტიციო გარემოს, ეს ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბულობა, გაურკვევლობა და არაპროგნოზირებადობაა“, - ეს განცხადება გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ფასეული უძრავი ქონების კომპანია „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველმა ირაკლი ბერეკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, როგორც დასავლელი, ისე ყაზახი ინვესტორების ინტერესი ქვეყნისადმი გაიზარდა, მიმდინარე მოვლენების ფონზე კი პროცესები შენელდა.

„ის რაც ახლა ხდება ქვეყანაში, სასარგებლო არ არის საინვესტიციო კლიმატისთვის. როგორი იქნება მისი გავლენა, დამოკიდებულია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. რა თქმა უნდა ეს არასასურველია. ბევრი უცხოელი პარტნიორი, ვინც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული კიდევ ერთხელ დაფიქრდება ახალი ინვესტიციების წამოწყებაზე. ვნახოთ, იმედია, საინვესტიციო კლიმატი შეინარჩუნებს მიმზიდველობას და ამაში თითოეული ამ სფეროში მოღვაწე ადამიანის როლი იქნება დიდი, ამ ეტაპზე განსაკუთრებით.

ჩვენ არა მხოლოდ ყაზახ, არამედ პერიოდულად დასავლელ ინვესტორებთანაც გვაქვს შეხება და გარკვეული შეგრძნებები იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი რეაქცია, ვიცით. რეგიონში საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, ეს უპირატესობა გვაქვს, ამის შენარჩუნება შეიძლება, თუმცა დღეს უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა იქნება საჭირო. უძრავი ქონება ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც დღეს ვქმნით ქონებას, რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ინარჩუნებს ღირებულებას. სწორედ ამ თვალსაზრისით, თუ სად იქნება ხვალ ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი საინვესტიციო უკუგებისთვის, ინვესტორის მხრიდან ყველაზე საყურადღებო თემაა. საქართველო რომელიც ევროკავშირის ნაწილია უძრავი ქონების ინვესტირებისთვის, არის პრემიალური ადგილი, სხვა შემთხვევაში ეს ასე არაა. თუ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, იქ თავის დანაზოგს არავინ წაიღებს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები