9 ბიზნესგაერთიანების ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტს რუსული კანონის ჩაგდებისკენ მოუწოდა საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯავახიშვილმა. მისი თქმით, პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, რისი ვალდებულებაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ბიზნესასოციაციების პოზიციის დაფიქსირება “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კანონპროექტმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნა ინიციირებული, საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პოზიცია, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ მისი მიღებისგან თავი შევიკავოთ.
შესაბამისად, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და სტანდარტებს. მოგეხსენებათ, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს - აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვაქვს მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ვითარების დასტაბილურებას და პოზიტიურად აისახება ბიზნესგარემოზეც", - განაცხადა CCIFG-ის ხელმძღვანელმა.