"თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ვერ ავწიეთ, სამწუხაროდ, ორთვანი ციკლები დიდხანს გვექნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ვაქცინაციის ზოგად სტატისტიკაზეც ისაუბრა. „დღეის მონაცემებით, ჩვენთან ჩატარებულია 1, 955 ათასი აცრა, ერთი დოზით აცრილია 98 908 ადამიანი, ხოლო სრულად აცრილია 928 081 პირი. სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 32,5%. ყველაზე მეტად ადმინისტრირებულია ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა, ამას მოჰყვება „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და ბოლოს „ასტრაზენეკა“.
ბოლო 24 საათში ვაქცინაციის მაჩვენებლის მხრივ კლების დინამიკაა, ჩატარდა 4 927 აცრა. ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია თბილისში, მას მოჰყვება აჭარა და იმერეთი, თუმცა სამიზნე პოპულაციასთან ანუ 60%-იან მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს არის თბილისი, შემდეგ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და აჭარა, ხოლო ყველაზე მცირე მაჩვენებელი გვაქვს ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სწორედ ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს აქტიურად ვაქცინაციის მარათონი.
გამყრელიძის განცხადებითვე, მარათონის ფარგლებში სულ დამატებით აცრილია 1 401 ადამიანი და „მარათონი იკრებს ძალებს“.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელმა მეორე ადგილას გადაინაცვლა იმ ფონზე, როცა ბოლო 1 თვეში ეს მაჩვენებელი პირველ ადგილას იყო.
„დღეს გვაქვს ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა, ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე კვირის მონაცემი იყო. ეს სამშაბათის სინდრომია. მაჩვენებელი წინა სამშაბათთან მიმართებით დაკლებულია, თუმცა ინციდენტობა გაზრდილია. კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილას იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში და ახლა მეორე ადგილას გადაინაცვლა, თუმცა მილიონ მოსახლეზე გვყავს საშუალოდ 10 გარდაცვლილი. ამ მძიმე ინდიკატორის კლება გვაქვს, თუმცა არსებული რაოდენობაც ჩვენთვის რთულია.
დღეისთვის საერთო მაჩვენებელში მოზარდების ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ია. მათგან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და 9 გარდაიცვალა. 3 ჩვილის გარდა, ყველა მათგანს თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება ჰქონდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია დაწყებულია მსოფლიოს 233 ქვეყანაში, დღეში იცრება 28 მლნ ადამიანი. ამ ტემპით მსოფლიოს 5-6 თვე სჭირდება, რომ 75%-იან მოცვას მიაღწიოს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




























