ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლები სწრაფად გაიზრდება, საწოლფონდის მიმართულებით, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ აქტიური შემთხვევების მატებისა და მობილიზებული საწოლების სტატისტიკაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ პროცესში დღეისთვის სასტუმროების საწოლფონდი ნაკლებადაა გამოყენებული.
„შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, რაც გასაკვირი არაა იმ მაღალი მობილობიდან გამომდინარე, რომელიც ამ პერიოდში შეინიშნება. ჰოსპიტალურ სექტორს მობილიზაციის სტატუსი არ შეუწყვეტია ამ პერიოდის განმავლობაში. ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ჩვენ 33 000 აქტიური ინფიცირების შემთხვევა გვქონდა, დაახლოებით, 7 500 საწოლი იყო მობილიზებული. დღევანდელი მდგომარეობით, 18 000 აქტიური შემთხვევაა და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია, რომ დატვირთვას გაუძლოს და საყურადღებოა, შემდგომი მატება და თუ ეს მატება სწრაფი და ინტენსიური იქნება, ბუნებრივია, საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას.
გასულ პერიოდში აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს, მიმდინარე პერიოდში ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე სასტუმროები ნაწილობრივადაა მობილიზებული და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საწოლფონდის მობილიზებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.




























