საქართველოში ინფლაციური მოლოდინები უარესდება. იმას, რაზედაც ბოლო პერიოდში ბიზნესი საუბრობს, ადასტურებს ეროვნული ბანკის უახლესი კვლევაც, რომლის მიხედვითაც დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, 1 წლის ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. გაზრდილია პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ზრდის მოლოდინებიც რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ფასების ზრდას 4% -დან 8%-ის ფარგლებში მოელის.
ეროვნული ბანკის ეს მონაცემებიც ცხადყოფს, რომ 2024 წლის დეკემბერში ინფლაციისა და ეკონომიკური აქტივობის მიმართ მოლოდინები უარესობისკენ შეიცვალა, რაც საზოგადოებისთვის ეკონომიკური გამოწვევების სიგნალს წარმოადგენს.
ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ინფლაციის ზრდაზე ამ შემთხვევაში არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, არამედ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და ბიზნეს სექტორში გაუარესებული მოლოდინები მოქმედებს. PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარის თქმით, მათი მოლოდინია, რომ ინფლაცია გადააჭარბებს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს, თუმცა ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს.
„2024 წელს ჩვენ გვქონდა მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია, რაც განპირობებული იყო ადგილობრივი დაბალი ინფლაციით, ასევე იმპორტული ინფლაციის დაბალი დონით. რაც შეეხება 2025 წელს, გვაქვს როგორც ინფლაციის ზრდაზე, ისე შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები. მაგალითად, ადგილობრივი მოთხოვნა, რომელიც 2024 წლის განმავლობაში იყო გაზრდილი, მოსალოდნელია, რომ შემცირდეს და ეს შეამცირებს ინფლაციაზე წნეხს.
მეორეს მხრივ წლის ბოლოს ვნახეთ, რომ გაუფასურდა როგორც ნომინალური, ისე ეფექტური გაცვლითი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი ერთში არ აისახება ფასებში, ამ ორ პარამეტრს შორის არის ძალიან მაღალი კორელაცია. შესაბამისად, შეიქმნა, ინფლაციაზე მზარდი წნეხი, სავარაუდოა, რომ ის ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ინფლაციის ზრდაზე, გადაწონის იმ ფაქტორებს რომელიც მოქმედებს ინფლაციის შემცირებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არ არის განპირობებული ფუნდამენტური ეკონომიკური ინდიკატორების გაუარესებით, ეს არის გამოწვეული ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობით, გაურკვევლობით, პოლიტიკური კრიზისით, რომელიც ამცირებს ნდობას ადგილობრივი ეკონომიკის მიმართ, ქმნის უარყოფით მოლოდინებს მათ შორის ინფლაციის მიმართაც.
როცა ინფლაციის ზრდის მიმართ არსებობს მოლოდინები, ეს აისახება ეკონომიკური აქტორების ქცევაში და საბოლოო ჯამში ვიღებთ უფრო მაღალ ინფლაციას, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში უნდა გვქონოდა. შესაბამისად 2025 წელს სავარაუდოა, რომ სხვაობა რომელიც არის მიზნობრივ და ფაქტობრივ ინფლაციას შორის შემცირდება, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით არ ვვარაუდობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების განვითარებაზე.
ბიზნესების განწყობა ეკონომიკის მიმართ გასული წლის მეორე ნახევარში უკვე გაუარესებული იყო. ბიზნესებიც აღნიშნავენ, რომ ინფლაცია გაიზრდება და მიზნობრივზე დაბალი ის მაჩვენებელი, რომელიც 2024 წელს გვქონდა აღარ იქნება 2025 წელს და ის გეპი, რომელიც არსებობს ნელ-ნელა დაიხურება.
სებ-ის ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს, მთავარია არ შეიქმნას ისეთი ძლიერი წნეხი, რომ ინფლაციამ გადააჭარბოს მიზნობრივ მაჩვენებს. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც ეკონომიკურ აქტივობას შეამცირეს კიდევ უფრო და შესაბამისად შეიძლება გარკვეულ კრიზისშიც გადაიზარდოს",-აცხადებს გოჩა ქარდავა.
დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 1,9%-იანი ინფლაციაა, სამიზნეზე ქვემოთ, თუმცა თუ გასული წლის მეორე ნახევარს შევხედავთ, ქვეყანაში ინფლაციის ზრდის ტემპი დაჩქარებულია. ეროვნული ბანკი წელს 3%-ზე მაღალ ინფლაციას მხოლოდ მესამე კვარტალიდან მოელის. წლის პირველ და მეორე კვარტალში კი სები ოფიციალურად 2%-ზე მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს.