მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ იოტისოდენა ჭკუა მაინც აქვთ, ფარცხალაძეს არ გადაეფარებიან“ - სანდრო ბარამიძე „ოცნებაზე“

სანდრო ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან საზიანოა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ასოცირებული პირი, ოთარ ფარცხალაძე FSB-სთან კავშირის გამო დაასანქცირეს. ამის შესახებ მან გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

„ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან საზიანოა, როდესაც ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ასოცირებული პირი, ყოფილი გენერალური პროკურორი, მანამდე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირი, FSB-სთან არის კავშირში და მხილებულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებზე მავნე ზეგავლენის მცდელობებში. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობასთან არიან ასოცირებული პირები, რომლებიც საქართველოში მავნე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და მათთან კავშირში, საქართველოს საზოგადოებაზე მავნე ზეგავლენას ახდენენ და ზოგად კონტექსტში, ასევე, უკრაინის მიმართებით ნეგატიურ მოქმედებებში არიან მხილებული“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ფარცხალაძე არ იყოს პირველი და უკანასკნელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც FSB-სთან არის ასოცირებული. ამასთან, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს წარმომადგენლების სია გაფართოვდება. ხოლო გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა რეაგირებას ელოდება ის „ოცნების“ ხელისუფლებისგან აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე, სანდრო ბარამიძემ აღნიშნა:

„თუ იოტისოდენა ჭკუა მაინც აქვთ, არ დაიწყებენ ფარცხალაძის დაცვას, არ გადაეფარებიან მას, ისევე როგორც ეს გააკეთეს იმ ოთხ ოდიოზურ მოსამართლესთან დაკავშირებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამის ჭკუა არ გააჩნიათ და დაიწყებენ მტკიცებას იმისას, რომ ფარცხალაძე არის „მამა აბრამის ბატკანი“ და მას კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან არ აქვს, ის არის ბიზნესმენი და ვისი რა საქმეა, სად მოღვაწეობს ეს ბიზნესმენი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ამის მტკიცებას დაიწყებენ“.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. მათ შორის საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. მიმდინარე წლის აპრილში კი, აშშ-მა ქართველ მოსამართლეებს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები