თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანის განცხადებით, თუ ირანი ატომური იარაღის შექმნას მოახერხებს, იმავეს გაკეთება ოფიციალურ ანკარასაც მოუწევს.
CNN Turk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ თეირანის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის წესდების უგულებელყოფა და არსენალში ატომური ბომბის დამატება ახლო აღმოსავლეთში სურათს სრულად შეცვლის და არამარტო თურქეთს, არამედ სხვა მეზობელ არაბულ სახელმწიფოებსაც საკუთარი შეიარაღებით საფრთხის განეიტრალებას აიძულებს.
როგორც ფიდანი ამბობს, საერთაშორისო საზოგადოება იმ ფაქტს ინდიფრენეტულად არ უნდა უყურებდეს, რომ ოფიციალური თეირანი ატომური ბომბის შექმნას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენება და ურანის გამდიდრებაზე აიათოლას რეჟიმის ამ გზით დათანხმება შედეგის მომტანი ვერ იქნება, ამიტომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, არჩევანი დიპლომატიურ ზეწოლაზე გადაიტანოს და შედეგს მშვიდობიანი გზები მიაღწიოს.
“არ მგონია, რომ აშშ-ს ან ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ან, ზოგადად, აიათოლას ხელისუფლებაზე დარტყმების განხორციელება ვითარებას უკეთესობისაკენ შეცვლის. ეს სტრატეგია კარგ შედეგს არ მოიტანს. ვშიშობ, სამხედრო ძალის გამოყენება პოლიტიკური სტაბილურობისა და მოწინააღმდეგე მხარის დათანხმების ნაცვლად, ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი უმართავი პროცესის დაწყებას გამოიწვევს და კონფლიქტში მთლიან რეგიონს ჩაიყოლებს”, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ოფიციალურმა თეირანმა უარი თქვას როგორც ურანის გამდიდრებასა და ატომური ბომბის შექმნაზე, ისე ბალისტიკური და სხვა მძლავრი რაკეტების დიდ არსენალზე, ისე ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილი მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაზე. იმ ფონზე, რომ ირანის ხელისუფლება ამ ბოლო ორ საკითხზე დათმობაზე წასვლაზე უარს აცხადებს, პრეზიდენტმა ტრამპმა ახლო აღმოსავლეთისაკენ კიდევ ერთი ავიამზიდის, USS Gerald R. Ford-ის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ აიათოლას ხელისუფლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ერთი თვე აქვს.




























