პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ სებ-ის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ - კვიჟინაძემ ამის შესახებ BMG-ისთან ისაუბრა. დეპუტატის განმარტებით, ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტს კანდიდატების წარდგენამდე უმრავლესობასთან გამართოს კონსულტაციები. ცნობისთვის, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.
“პრეზიდენტმა ძალიან ცუდი რამ გააკეთა. მე მივმართე მას კომიტეტიდან და სასესიო სხდომიდან და ვთხოვე რომ არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. მას აქვს კანდიდატის წარმოდგენის უფლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს დამტკიცების უფლება, ამიტომ ეს კონსულტაციის სახით უნდა წარიმართოს. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა და კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა და კონფრონტაცია საერთოდაც და კონკრეტულად ამ საკითხზე.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი თუ დაასახელა კანდიდატად, მას ბუნებრივია ჩვენ არ ავირჩევთ. ჩვენ გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ, რომ ასეთი რამე არ გაეკეთებინა,”- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბეჟან წაქაძის განცხადებით კი, ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურას არ განიხილავენ.
“მოვალეობის მოხდის მიზნით წარდგენილ კანდიდატურას უბრალოდ ვერ განვიხილავთ პარლამენტში. განხილვა იქნება, მაგრამ მხარს არ დავუჭერთ, რადგან ეს კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოხდეს. შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული და შევჯერდეთ რომელი ადამიანი წაადგება ეროვნულ ბანკს. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა იქ შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდეს,”- განაცხადა ბეჟან წაქაძემ BMG-სთან.