„ქართული ოცნების“ დეპუტატ ბეჟან წაქაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც 6 წელზე ძველი, ისე 6 წლამდე ავტომობილების აქციზის გაზრდა, შესაძლებელია, ბიზნესსექტორისთვის მტკივნეული იყოს, სახელმწიფოს ინტერესები და საზოგადოების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება პრიორიტეტულია. "ამხეილა აჟიოტაჟი ატყდა და რა აქვს მიუღებელი ამ კანონს?!“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ აქციზის ზრდამ საბიუჯეტო შემოსავლებიც შეამციროს და სამუშაო ადგილებიც შემცირდეს, მაგრამ მიაჩნია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ყველაზე მთავარია. „ნებისმიერ კანონზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ვიღაცა დაკარგავს სამსახურს... იქ დაკარგავს სამსახურს, სხვაგან იშოვის. ასე რომ, ამაზედაც ვზრუნავთ“, - ირწმუნება დეპუტატი.
ბეჟან წაქაძე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორ დეპუტატებს შორის ერთ-ერთია. ავტომანქანების განბაჟების საფასურის ზრდის ინიციატორი პარლამენტარების სიაში ასევე არიან: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია.
BMG-თან ინტერვიუში „ქართული ოცნების“ წევრმა უარყო „საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის განცხადება იმის თაობაზე, რომ ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება არ მიეცათ, 17 მარტს დასწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, სადაც მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის ზრდა პირველი მოსმენით განიხილებოდა (6 წლამდე – 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის შემთხვევაში – 4.5 ლარი) და იმავე დღეს, პლენარულ სხდომაზეც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, „საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ წევრ ავტოიმპორტიორებს, რომლებიც აქციზის ზრდის შემთხვევაში, ავტოინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შემცირებას და სექტორის ბრუნვის მკვეთრ კლებას ელიან, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა სურდათ, მაგრამ შსს-მ მათ ამის უფლება არ მისცა. "შევიტანეთ განცხადება საპატრულო პოლიციაში [შსს], გვინდოდა მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ჩაგვეტარებინა თბილისის ქუჩებში, მაგრამ მოგვივიდა უარი, ეს ცოტა გაუგებარია. ჩვენ არ ვაპირებდით მოძრაობის შეფერხებას, გვინდოდა, მშვიდობიანად დაგვეფიქსირებინა აზრი; რადგან უარი მივიღეთ, გადავწყვიტეთ, შევკრებილიყავით ჰუალინგის ტერიტორიაზე", - უთხრა BMG-ის ალექსანდრე ნონიაძემ, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

რატომ ზრდის „ოცნების“ ხელისუფლება როგორც ძველი ისე ახალი ავტომობილების განბაჟების საფასურს და აქვთ თუ არა დათვლილი სოციალურ-ეკონომიკური რისკები აქციზის ზრდის ინიციატივის ავტორ დეპუტატებს - ამ და სხვა კითხვებზე პასუხები BMG-მ დეპუტატ ბეჟან წაქაძეს სთხოვა.
- ბატონო ბეჟან, საგადასახადო კოდექსში ინიციირებული ცვლილებების ერთ-ერთი თანაავტორი ხართ, რომლის მიხედვითაც, ავტომობილებზე აქციზი იზრდება (როგორც 6 წელს ზემოთ, ისე 6 წელს ქვემოთ გამოშვებულებზე)... ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, საკომიტეტო განხილვაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ...
- ეს ინფორმაცია არასწორია. ყველას, ვინც დაინტერესებული მხარე იყო, შეეძლო სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ დასწრებოდა განხილვას. რა პრობლემაა?!
- პარლამენტმა სხდომის ანონსი დროულად გაავრცელა?
- შეეძლოთ წერილობით მოემართათ. ჩემი ინფორმაციით, ჩვენთან მსგავსი მოთხოვნა არ შემოსულა.
- როგორც კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს და ინიციატორს, არ გაგჩენიათ სურვილი, მოგესმინათ ბიზნესის აზრი? თან ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი ხომ ძალიან დიდი ინდუსტრიაა...
- ამ თემამ ყველგან გაიარა, განხილვა მოხდა. საერთოდ, რა აქვს ამ კანონს მიუღებელი?! რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი? ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მდგომარეობა იყოს. ქვეყანა გადაიტვირთა ისეთი მანქანებით, რომლებიც ეკოლოგიას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ნელ-ნელა ხომ უნდა დავიწყოთ?! ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, რომ განვითარებულ ქვეყნებს დავემსგავსოთ - ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს პრეტენზია.
- თუ ადამიანების შემოსავალი არ გაიზარდა, მხოლოდ მანქანების აკრძალვით დავემსგავსებით განვითარებულ ქვეყნებს?
- ზოგადად, როგორც მე, ასევე სხვამ და ყველამ [ნაკლებად უნდა ვიაროთ მანქანით]... რაც ნაკლები ავტომობილი იმოძრავებს ქალაქში, მით კარგი იქნება. ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სულ უფრო მეტი თანხა იხარჯება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, რათა ქალაქი და რაიონებიც მეტმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოიცვას. აქეთკენ მიდის საქმე, რომ ადამიანებმა ისარგებლონ მუნიციპალური ტრანსპორტით, როცა ქალაქის ცენტრში მანქანით გადაადგილების აუცილებლობა არ არის. ასევე, მოძველებული მანქანები აბინძურებენ გარემოს და ამის გამოსწორება გვინდა და რა არის ამაში ცუდი?! მესმის, რომ ხალხს ავტომობილი სჭირდება, მაგრამ არსებობს ელექტრომანქანები, რომლებიც უფრო დაბალფასიანია და შეგვიძლია შევიძინოთ... ალტერნატივები მოიძებნება, ეს კანონი კი აუცილებელი იყო.
- საჭესთან ვარო - მითხარით, როცა დაგირეკეთ... ახლა სამსახურში მანქანით მიდიხართ?
- არა, მე იქვე ვცხოვრობ და ფეხით დავდივარ... ახლა რაიონიდან მოვდივარ. ისე კი, სამსახურში ყოველდღიურად ფეხით დავდივარ... ზოგადად, 7-დან 12 კილომეტრამდე გავდივარ ხოლმე დღეში, რაც ჯანმრთელობისთვისაც კარგია...
- ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში, საქსტატზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ავტომობილების იმპორტი და მომიჯნავე სფეროები 225 ათასამდე ადამიანს ასაქმებს და მათმა დიდმა ნაწილმა შესაძლოა, შემოსავლის წყარო დაკარგოს... მკვეთრად გაძვირდება ავტომანქანებიც...
- მესმის, რომ ყველა კანონი ყველასთვის მისაღები ვერ იქნება და ზოგჯერ მტკივნეულიც არის, მაგრამ ეს ხომ სახელმწიფოა და სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს, საზოგადოებას კი, სურს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ამ მიზნის მისაღწევად არაპოპულარული კანონები მივიღოთ, მაგრამ საერთო საზოგადოებას ეს მოსწონს...
- არსებობს მოსაზრება, რომ ეს იდეა, რომელიც შემდეგ დეპუტატებმა დააინიციირეთ, თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა...
- ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს რატომ უკავშირებთ?! პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხი აწუხებთ. საზოგადოება ამაზე საუბრობდა და ჩვენ საზოგადოების აზრი პარლამენტში უნდა გამოვხატოთ და ამას ვაკეთებთ... ყველა კანონი უკავშირდება რატომღაც ბიძინა ივანიშვილს და არაა ასე...
- ანუ უშუალოდ დეპუტატების ინიციატივაა ავტომობილების აქციზის ზრდა? თავიდან ირაკლი კობახიძემ განაცხადა ამის შესახებ...
- ეს იყო ერთობლივი მსჯელობა... მეც შევუერთდი ამ ინიციატივას, რადგან დავინახე საკითხის აქტუალობა...
- თავდაპირველად, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილები ქვეყანაში არ უნდა შემოვიდესო... თუ გარემოზე ზრუნვაა მიზანი, აკრძალვა აქციზის ზრდის გადაწყვეტილებით რატომ შეიცვალა?
- ასე იყო, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ?! და ამ ეტაპზე, დროებით ასე დავტოვეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი ამ თემას დაუბრუნდება და კიდევ უფრო დახვეწავს და მეტ სიახლეს შეიტანს. ცივილიზებული სამყარო ეკოლოგიურად სუფთა გარემოსკენ მიდის... თბილისი ძალიან გადატვირთულია... მერია მილიონებს ხარჯავს ავტობუსების შესაძენად, მეტროს რეაბილიტაციისა და ვაგონების განახლებისთვის...
- მოკლედ, ავტომობილების განბაჟების გაძვირების მთავარი მიზანი ეკოლოგია და ქალაქის განტვირთვაა საცობებისგან?
- არა მხოლოდ... ბევრი სხვა გათვლაც იყო...
- კანონპროექტის განმარტებით ბარათში ბევრი არაფერი წერია და ამიტომ გეკითხებით...
- რა არის, იცით?! არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ესა თუ ის კანონი მოსწონს; ახლა სხვა კანონებიც შემიძლია დაგისახელოთ, რომელიც არ მოსწონთ მოქალაქეებს...
- ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რამდენად დათვლილია სოციალურ-ეკონომიკური რისკები, რაც ავტომობილების განბაჟების გაძვირებას ახლავს - მოგეხსენებათ, ავტოინდუსტრიის ბიზნესში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული...
- გავიგე, მაგრამ ნარკობიზნესშიც ბევრია ჩართული, მაგრამ დავუშვათ ნარკოტიკი და არ ვებძროლოთ მას?!
- ნარკობიზნესს და ავტოინდუსტრიის ბიზნესს ერთმანეთს ადარებთ?
- არ არის ეგრე რა... შეიძლება ბიუჯეტის შემოსავლებსაც გარკვეული თანხები დააკლდეს, მაგრამ არის რაღაც უფრო მაღალი, რომელიც უნდა უნდა გააკეთო...
- და ეს მაღალი მიზანი არის ეკოლოგიაზე ზრუნვა და ქალაქის საცობისგან განტვირთვა?!
- არ არის ეს საზრუნავი?
- რა თქმა უნდა, ეკოლოგიის გაუმჯობესება საზრუნავია, მაგრამ უბრალოდ ვაკონკრეტებ...
- კარგი, მე თქვენ გეკითხებით, არის თუ არა ეს საზრუნავი პარლამენტისა და მთავრობის, რომ ეკოლოგიაზე იზრუნოს და საცობებისგან განტვირთოს ქალაქი?
- გეთანხმებით, არის საზრუნავი, მაგრამ, კანონპროექტის ავტორებს, მათ შორის თქვენ, თუ გაქვთ დათვლილი, დაახლოებით, რამდენმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, შემოსავლის წყარო... რას ეუბნებით ამ ადამიანებს?
- ყველაფერი დათვლილია.. ახლა ზეპირად აღარ მახსოვს...
- კანონპროექტის განმარტებით ბარათში კონკრეტულად არაფერი წერია ბატონო ბეჟან და ამიტომ გეკითხებით...
- კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ და დავასრულოთ: ნებისმიერმა კანონმა შეიძლება რაღაც უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბიუჯეტზე, ამიტომ ყოველთვის ვეძებთ ალტერნატივებს, რა შეიძლება [გავაკეთოთ]? წარმოება უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა გაიზარდოს, აქეთკენ მივდივართ და ასეულობით მილიონ თანხებს ვხარჯავთ ამაში... ანუ სანაცვლოდ, რაღაცებს ვაკეთებთ, რომელიც ქვეყნისათვის აუცილებელია. ბიუჯეტს შეიძლება თანხები დააკლდეს, მაგრამ ამის ალტერნატივას ვნახულობთ და ვიცით, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტი იზრდება. აი, ეს არის ეკონომიკის ზრდა... ნებისმიერ კანონზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ვიღაცა დაკარგავს სამსახურს... იქ დაკარგავს სამსახურს, სხვაგან იშოვის... ამაზედაც ვზრუნავთ - იცით, განათლების სისტემაში როგორი მიმართულება მიდის, გადამზადების სისტემაში როგორი მიმართულება მიდის... ჩვენ წინასწარ, პირდაპირ მოჭრით არ ვაკეთებთ კანონებს. ჯერ პრევენციას ვახორციელებთ, სად შეიძლება დასაქმდეს ეს ადამიანი და უამრავი ალტერნატივა ექნებათ მათ, რომ დასაქმდნენ.




























