მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ კონტრარგუმენტები არ იქნება, კანონს მივიღებთ - კობახიძე "რუსულ კანონზე"

კობახიძე
12.04.24 19:10
192

ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველამ უნდა წაიკითხოს „გამჭვირვალობის კანონი“, რადგან ერთადერთი, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

„ჩემი პასუხი დაფუძნებული იყო სიმართლეზე, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი, კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს - რატომ? იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია. რა არის კარგი - ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება.

მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის, ნებისმიერი, ქართველი, უცხოელი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ, სადაც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს კანონი - ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, როგორ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი. კეთილი ინებონ, შემოვიდნენ გახსნილ დისკუსიაში, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, წარმოადგინონ. არგუმენტების გარეშე, ჩვენ ვერავითარ ვალდებულებას ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ იმისგან, რაც აქამდე გვაქვს მიღებული. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები კანონთან დაკავშირებით, არგუმენტების გარეშე ჩვენი ღირსების საქმეა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე, სახელმწიფო სუვერენიტეტის საქმე, როცა უარგუმენტოდ რაღაცას ითხოვენ და ამაზე რეაგირება, არის შეურაცხმყოფელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიოზული პრობლემები ჩანს ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც გამოიკვეთა დღევანდელ მაგალითზეც, თარჯიმნის მაგალითზე, სხვა კუთხითაც და იმედი გვაქვს, ამ პრობლემებსაც მომავალში მოევლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები