"სჯობს, პანდემიის შედეგად მიღებული ინფლაცია მოვთოკოთ, რაც უფრო კარგ საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ ეკონომიკის შემდეგი ზრდა უფრო მაღალი იყოს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შესაბამის კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, "ინფლაციის დაბალანსება ძალიან დიდი საკითხია და კიდევ უფრო დიდი დილემა".
კობა გვენეტაძემ მაგალითად მოიყვანა მეზობელი და არამეზობელი ქვეყნები, სადაც ინფლაცია ასევე მაღალია. მაგალითად, სომხეთში ახლა ინფლაცია 6.2%-ია, აზერბაიჯანში - 4%, ხოლო აშშ-ში - 4,2%.
„წელს ინფლაციური გარემო მთელ მსოფლიოში არის იმაზე მაღალი, ვიდრე ადრე იყო და ის საკითხი, რომ ინფლაცია იქნება თემა მთელ მსოფლიოში, ყველასთვის ცნობილია. არსებობს ობიექტური ფაქტორები, რის გამოც ინფლაცია არის მაღალი. რატომ არის ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანი და რატომ არის აუცილებელი ზომების მიღება? გრძელვადიანი, სტაბილური და მდგრადი ზრდისთვის აუცილებელია სწორედ დაბალი ინფლაცია, ხოლო თუ მაღალი ინფლაცია დიდხანს შენარჩუნდა, ეს არ იქნება კარგი, თუნდაც ინვესტორებისთვის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უარეს საწყის პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან 2019 წელს, მოლოდინების გადაცემის გამო ინფლაცია უფრო მაღალი იყო.
„ჩვენს შემთხვევაში ინფლაცია უფრო განგრძობითია, ვიდრე - სხვა შემთხვევაში. ამ დროს უფრო აგრესიული ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ინფლაცია მომავალში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდეს ანუ კრიზისის დროს საკითხის მოკლევადიანი გადაჭრა შეუძლებელია და ასე ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავაბალანსებთ ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდას, ოქროს ბალანსია საჭირო. ეკონომიკური ზრდა არის საჭირო, რადგან მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების გაცემა და .აშ. ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ზრდისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს გარკვეული ზომების მიღება ამასთან დაკავშირებით, რადგან თუ ზრდა იქნა მაღალი, მაგრამ ინფლაციაც მაღალი იქნა, მომავალში ეს ამ ზრდას უფრო შეამცირებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. სჯობს, მოვთოკოთ ინფლაცია, რომელიც პანდემიის შედეგად გვაქვს და ეს უფრო კარგ საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ შემდეგი ზრდა უფრო მაღალი იყოს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.




























