მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ მეტყვით, რომ მე უნდა ვაგო პასუხი, ხვალვე წავალ... - გამყრელიძის პასუხები BMG-ის

61c0a20d9ad50
ინგა მურუსიძე
20.12.21 19:35
2684
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში „ომიკრონის“ გავრცელების ორი ფაქტი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ საზოგადოებას ონლაინ პრესკონფერენციით ამცნო და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. დღესვე NCDC-ის დირექტორმა თქვა, რომ ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი დაბალია და დიდი ალბათობით, ქვეყანა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს ვერ მიაღწევს. „წლის ბოლომდე ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრება, 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ და ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თუ პირბადის ტარების სამარცხვინო, 28%-იან მაჩვენებელს 90%-მდე ავიყვანთ, ყოველთვიურად 150-200 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ", - თქვა NCDC-ს დირექტორმა.

რა კეთდება ვაქცინაციის წახალისებისთვის? ვინ არის პასუხისმგებელი ეპიდვითარებაზე ქვეყანაში? რატომ არ აქვეყნებს შსს პირბადის არტარებისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების სტატისტიკას და უნდა იყოს თუ არა „მწვანე პასპორტი“ უვადო covid-გადატანილი მოქალაქეებისთვის? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს BM.ge-მ ამირან გამყრელიძეს დაუსვა, თან იმის გათვალისწინებით, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ უვადო „მწვანე პასპორტის“ გამო, მასსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება იყო.

"მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია, არც ჩვენ ვართ - მუდმივები, ალბათ ზოგიერთი საკითხი გარკვეული პერიოდულობით გადაიხედება", - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება პირბადის არტარებისთვის დაჯარიმებულთა სტატისტიკას, მისი თქმით, NCDC-ს შესაბამისი სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ იცის, რომ მოქალაქეებს აჯარიმებენ - „ჯარიმების სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ შარშანაც და წელსაც ადამიანებს აჯარიმებენ. მოგეხსენებათ, მოხდა გარკვეული ჯარიმების ანულირება, თუმცა მოსახლეობას მოვუწოდებ, ატარონ პირბადე. სადღეგრძელოს არ ვამბობ, ციფრებს ვაყოლებ ყველანაირ მოწოდებას. გავითავისოთ ის, რომ ჯარიმა აუცილებელია, თუმცა მარტო ჯარიმა არ არის“.

BM.ge-ის დამაზუსტებელ კითხვას - თუ პანდემიის მართვის პროცესში ყველა გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იღებს, მაშინ რა აზრი აქვს უწყებათშორისი საბჭოში NCDC-ის დირექტორის თუ ჯანდაცვის სხვა სპეციალისტების ყოფნას და ჯამში, ვინ უნდა აგოს პასუხი ბოლო თვეების განმავლობაში დღიურად 40-50 ადამიანის დაღუპვაზე - ამირან გამყრელიძემ ასეთი პასუხი გასცა:

„თუ მეტყვით, რომ მე უნდა ვაგო პასუხი და თუკი ამირან გამყრელიძე არ იქნება, ხვალ საქართველოში კორონავირუსი გაქრება, ხვალვე წავალ NCDC-დან, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ყველა პასუხისმგებელი ვართ - როგორც ის, ვინც მართავს, ასევე, მთელი საზოგადოება. საზოგადოებრივი კონსენსუსია საჭირო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კორონავირუსი ძალიან საშიშია და უნდა აიცრან, ისევე როგორც ატარონ პირბადე.

„ყველაზე ძალიან ჩემზე მოქმედებს ის 50 და 60 გარდაცვალება ყოველდილით... ერთ-ერთი პირველი მე ვიგებ ამ ინფორმაციას. რომ გეუბნებით, თითო ადამიანს გადაარჩენთ, თუ ყველა ავიცრებით - 500 ადამიანი უნდა აიცრას ერთი სიცოცხლის სანაცვლოდ, ეს გავაკეთოთ მთელმა საზოგადოებამ. ხომ შეიძლება ერთ საკითხზე მაინც შევთანხმდეთ ქართველები?! კოვიდი არის დღეს ყველაზე დიდი პრიმატი ქვეყანაში. უმაღლესი პრიმატი და ამ პრიმატის ირგვლივ ყველა გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ ყველა ვიცრებით იმისთვის, რომ გადარჩეს ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი მეგობარი, ჩემი მეზობელი, ჩემი უახლოესი ადამიანი, ყველამ გავიკეთოთ პირბადე, ყველას მოვუწოდოთ ამისკენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები