ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი საქართველოს მიერ შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობის პროექტს Facebook პოსტით გამოეხმაურა. იაშვილი წერს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საქართველო ამ პროექტს ენერგეტიკული თვალსაზრისით მომზადებული არ დახვდა, მისი მეშვეობით უფრო მეტ სარგებელს საქართველოს ნაცვლად, მეზობელი ქვეყნები მიიღებენ.
ამასთანავე, იაშვილი წერს, რომ წარსულში ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო, ამ პროექტის განვითარებით არ ინტერესდებოდა, ხოლო შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, თავად ევროკავშირი არის კაბელის სწრაფ რეჟიმში აშენების მთავარი მომხრე.
“სულ რამდენიმე წლის წინ, მაქსიმუმ 6-7, ვცადე ამ საკითხზე ევროპელ ბიუროკრატებთან საუბარი. მითხრეს, რომ საკითხი არ იყო აქტუალური ევროპაში ელ.ენერგიის ჭარბი წარმოების გამო და იმ მომენტისთვის ეს თემა დაიხურა. ჭარბი წარმოება იქმნებოდა მათ შორის, რუსული, არაბული, აფრიკული, აზერბაიჯანული და ა.შ. ბუნებრივი აირის გამო. შესაბამისად, მათთვის მისაღები იყო მომწოდებელ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხიც და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხიც, მათ შორის.
ახლა კონიუნქტურა შეიცვალა და გასაგები მიზეზების გამო თავად ევრობიუროკრატები დაჩქარებულად გვთხოვენ კაბელის ჩადებას! ეს პროექტი თავის მნიშვნელობით და ქვეყნისთვის მოსალოდნელი შესაძლო შემოსავლებით აღემატება ნავთობსადენის ცნობილ პროექტს! აქვე ვიტყვი, რომ თუ ამ კაბელს საკუთარი ელ.ენერგიის წარმოება არ დავახვედრეთ და არ შევცვალეთ მიდგომა ენერგოობიექტების მშენებლობის მიმართ, მაშინ სარგებელს მიიღებენ მეზობლები და არა ჩვენ, და ხელიდან გავუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას! თუმცა, ეს ცალკე საკითხია!
კიდევ ერთი, ამ პროექტით მიღებული სარგებელი შეეხება უკლებლივ ყველა მოქალაქეს, იმიტომ, რომ ექსპორტიდან მიღებულ ფულს აქვს მულტიპლიკაციის ეფექტი! ასე, რომ არავინ თქვას "მერე მე რაო"!
რაც შეეხება ამ პროექტის პოლიტიკურ ნაწილს, ჩემი აზრი ასეთია: ევროპელი ბიუროკრატები არიან სრულიად პრაგმატული ხალხი, პირველ ადგილას მათთვის არის მათი საჭიროებები, განსაკუთრებით გათბობის და განათების მიმართულებით და მათი დამოკიდებულება და გადაჭარბებული ჩაკირკიტება ჩვენთან "დემოკრატიის" ხარისხში აუცილებლად შეიცვლება! ამას ყველა ვნახავთ მალე. მათ დავჭირდით და იმიტომ, და არა პირიქით, როგორც აქამდე იყო! ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სხვა გზა უნდა ავირჩიოთ ქვეყნის განვითარებისთვის!
ასე რომ, ჩემო მეგობრებო, იმისტებო ამისტებო, შუაშისტებო თუ სათანადოდ გავიაზრებთ ამ პროექტის მნიშვნელობას, იქნებ აღარ იყოს საჭირო გადაჭარბებული ემოციები. არც იმის ილუზია მაქვს, რომ თქვენ სრულიად შეუხმატკბილდებით ერთმანეთს, მაგრამ მგონია, რომ რაიმე საშუალო არითმეტიკულ ურთიერთდამოკიდებულებაზე თუ შევთანხმდით, და ყველანაირი მეთოდით, მაინცადამაინც ხელისუფლებაში მოსვლა/შენარჩუნებისთვის ბრძოლას ვარჩიეთ ხელისუფლების (ნებისმიერის) მკაცრი კონტროლი, მინიმუმ, ამ პროექტით გაჩენილი ახალი შესაძლებლობების სწორად გამოყენებისთვის, წინ წავალთ უეჭველი,”- წერს ირაკლი იაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა.