მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ მომხმარებელი საბარათე მონაცემებს არ გაუფრთხილდა, ბანკი უძლურია" - სპეციალისტის რეკომენდაციები ფიშინგზე

ინგა ქარჩავა

წინა კვირას კომუნალური გადასახადებით მანიპულირების ფიშინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო და შეგვახსენა, რომ აღნიშნული პრობლემა აქტუალურია ნებისმიერ დროს, მუდმივად და არა მხოლოდ წინასადღესასწაულო პერიოდში.

ფიშინგთან დაკავშირებით "საქართველოს საბანკო ასოციაციის" კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორმა ინგა ქარჩავამ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განმარტება გააკეთა და მოსახლეობას რეკომენდაციები მისცა.

“ფიშინგი ადამიანის ემოციურ განწყობაზე მოქმედებს, რადგან ადამიანი მარტივად მიჰყვება სახარბიელო შეთავაზებებს, სწორედ ამიტომ, ფიშინგი გლობალურად ყველაზე წარმატებული კიბერშეტევაა. კიბერსაფრთხეები ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების თანამდევია, ეს ყოველთვის ასე იქნება, გასულ კვირას კომუნალურები იყო, ხვალ შეიძლება საბანკო პროდუქტი იყოს, ზეგ სამედიცინო მომსახურება და ა.შ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კონტექსტის გამოყენება შეუძლია კიბერთაღლითს”, - თქვა ქარჩავამ.

მისი თქმით, მიუხედავად საფინანსო ინსტიტუტების მყარი თავდაცვის მექანიზმებისა, მომხმარებელი თვითონვე უნდა გაუფრთხილდეს თავის საბარათე მონაცემებს, თუ სურს, რომ კიბერშეტევისგან დაცული იყოს.

თუ რამდენიმე წლის წინ კიბერშეტევების მიზანი საფინანსო ინსტიტუტები იყო, ეს ბოლო რამდენიმე წელია იცვლება, მათ შორის იმიტომ, რომ საკმაოდ მყარი თავდაცვის მექანიზმები გააჩნია საფინანსო ინსტიტუტებს და კომერციულ ბანკებს. არის ათასობით შეტევა, მაგრამ ამას მომხმარებელი ვერ გრძნობს, გარდა ტექნოლოგიური ნაწილისა, დაცულია ბარათები და ბანკი მუდმივად ახდენს მომხმარებლების ინფორმირებას, რომ მანამ, სანამ შეიყვანენ საბარათე მონაცემებს ან ინტერნეტ ბანკის მონაცემებს, დაუკვირდნენ ვებგვერდის დასახელებას, მაგრამ ამის შემდეგ პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე, თუ მომხმარებელი საბარათე მონაცემებს არ გაუფრთხილდა, ამ შემთხვევაში ბანკი უძლურია, ვინაიდან მომხმარებელი თვითონვე გასცემს თავის საბანკო მონაცემებს. დღეს ყალბი ვერბგვერდის შექმნა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ, მომხმარებელს მოვუწოდებთ, არ დავაჭიროთ უცნობ ბმულებს და შევხედოთ ვებგვრდის დასახელებას, თუ სად შეგვყავს ჩვენი საბარათე მონაცემები”, - განმარტავს კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი.

ფიშინგის პრევენციაზე საუბრისას ინგა ქარჩავა ამბობს, რომ სასურველია ინტერნეტ და ონლაინ შესყიდვებისთვის გვქონდეს ცალკე ბარათი და განვათავსოთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციის შესასრულებლად, ამასთან, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კიბერჰიგიენას და განმარტავს, რომ ამისთვის ტექნიკური განათლება აუცილებელი არ არის.

კიბერჰიგიენა არის ძალიან მარტივი, არ არის საჭირო ტექნიკური განათლება, მარტივი წესებით შეგვიძლია თავის დაცვა - ნუ დავაჭერთ ყველა ბმულს, ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურად მოქმედი პირი, ჩვენით ავკრიფოთ ვებგვერდის დასახელება, ჩვენთვის ნაცნობ პლატფორმაზე და სივრცეში გადავიხადოთ გადასახადები, იქნება ეს კომუნალური გადასახადი, სწავლის გადასახადი, ქველმოქმედება თუ სხვა, ასევე, ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, თუ ჩვენ ვართ თანხის მიმღები, ერთადერთი მონაცემი რაც შეიძლება გავაზიაროთ, არის ჩვენი საბანკო ანგარიშის ნომერი, არც ერთ მსგავს შემთხვევაში საბარათე მონაცემებს არ ვაზიარებთ, ეს საბაზისო წესები რომ დავიცვათ, ფიშინგს ის მასშტაბი არ ექნება, როგორიც ჰქონდა კომუნალური გადასახადების შემთხვევაში, გახსოვდეთ თუ წინადადება ძალიან სახარბიელოდ ჟღერს, მომხმარებელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, აუცილებლად უნდა განვერიდოთ ზედმეტად სახარბიელო შეთავაზებებს”, - ამბობს ის.

ფიშინგისგან თავდაცვის მიზნით საბანკო ასოციაციის რეკომენდაციები იხილეთ ბმულზე. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები