ბიზნესსექტორის ნაწილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების შეფასებებს ელოდება.
როგორც „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ BMG-ის განუცხადა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები კეთდება და თუკი ჩატარებული არჩევნების შედეგები შესაბამის ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, ეს ბიზნესგარემოზეც ნეგატიურად აისახება. თუმცა ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ პროცესები ასეთი სცენარით არ წარიმართება
„ჩვენ მოვლენების განვითარებას დაველოდებით, ჯერჯერობით ცხადი არაფერი არაა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა შეფასებები გვესმის, ასევე გვესმის შიდა პროტესტი, ჩვენ მოვლენების განვითარებას ველოდებით და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ბიზნესი ვალდებული ვართ, რომ მოცემულობას მოვერგოთ და ვცდილობთ, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ.
ქართული სამართლით ხელისუფლება ლეგიტიმური რომც იყოს, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაციას ვერ იღებს, ეს ყველაფერს ართულებს, რა თქმა უნდა. ეს ვითარება ინვესტორებისთვის რისკებს ზრდის და ზოგადად თანამშრომლობის სურვილიც ქრება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა თქმა უნდა, ეს გაართულებს ბიზნესის ფუნქციონირებას და იმედია, აქამდე არ მივა საქმე. თორემ, რა თქმა უნდა, ეს ცალსახად ყველაფერს გაართულებს, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობებსაც”, - განაცხადა რესან ქიქავამ.