ეკონომისტი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხიშტოვანი მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციას სკეპტიკურად აფასებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა პირდაპირ საფრთხეს უქმნის იმ კონკურენტულ და დამოუკიდებელ მოდელს, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
„თუ „ოცნების“ რეფორმა განხორციელდა, უმაღლეს განათლებას კოლაფსი ელის“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის სავარაუდო მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
„ქართული ოცნებისთვის პრობლემა კონტროლის განხორციელების ნაკლებობაა“
გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, მთავარ მიზეზად, რის გამოც ხელისუფლებამ უმაღლესი განათლების რეფორმა გადაწყვიტა, უნივერსიტეტებზე კონტროლის დამყარებაა.
„პრობლემა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, არის ის, რომ მას არ გააჩნია ბერკეტი უმაღლესი განათლების სისტემაზე. სახელმწიფო ვერ ახერხებს თავისი ნება თავს მოახვიოს ვერც - სახელმწიფო და ვერც კერძო უნივერსიტეტებს. ეს მოდელი თავიდანვე საბაზრო პრინციპებზე იყო აგებული - სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტს, სტუდენტი კი თავად ირჩევს, სად წაიღოს ეს თანხა“, - აცხადებს ხიშტოვანი.
მისი თქმით, ამ სისტემამ კონკურენცია და დამოუკიდებლობა უზრუნველყო, რაც (გარდა კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური ავტონომიისა) „საკმაოდ წარმატებულ ბიზნეს-მოდელად“ იქცა, სადაც სახელმწიფო მხოლოდ ხარისხის უზრუნველყოფას ახორციელებდა, მაგრამ უნივერსიტეტების შიდა გადაწყვეტილებებში ვერ ერეოდა.
„ოცნება“ კონკურენტული სისტემის დაშლას ცდილობს“
ილიას უნივერსიტეტის პროფესორს მიაჩნია, რომ რეფორმა მიზნად ისახავს უნივერსიტეტების „დამორჩილებას“ და იქ სახელმწიფო კონტროლის დამყარებას.
„რეალურად, რაც ახლა ხდება, არის მცდელობა, რომ ეს კონკურენტული, დამოუკიდებელი მოდელი მოაქციონ პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ხელისუფლება ცდილობს, თავად გადაწყვიტოს, ვის, სად, რა, რა რაოდენობით, რა პერიოდით და რა ფასად ასწავლოს; ვის მისცეს დაფინანსება და რა პირობებით“, - განმარტავს პროფესორი და იქვე დასძენს, რომ ამ ცვლილებებით განათლების სისტემა საბაზრო პრინციპებიდან სახელმწიფო-კაპიტალისტურ მოდელზე გადადის, სადაც „მოთხოვნას, მიწოდებას და ფასს“ თავად ხელისუფლება განსაზღვრავს.
„მმართველი პარტიას პერსონალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მოტივები აქვს“
განათლების რეფორმის სავარაუდო მოტივებზე საუბრისას, გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასს გარდა საგანმანათლებლო სფეროზე კონტროლის გაზრდისა, დამატებით, უფრო კონკრეტული ინტერებიც ამოძრავებს.
„ვფიქრობ, პერსონალური მიზეზი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), რომელმა ვერ გაამართლა მოლოდინები და დღეს თავის ტკივილია როგორც „ქართუ ფონდისთვის“, ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის. მეორე მიზეზი პოლიტიკური ხასიათისაა - პირველ რიგში, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ილიაუნი არის თავდასხმის ობიექტი, მაგრამ კერძო უნივერსიტეტებშიც არიან, ასე ვთქვათ, თავდასხმის ადრესატები და მესამე მიზეზი არის ბიზნეს ინტერესები - „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ის უძრავი ქონება, რომელიც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტების მფლობელობაშია, ხოლო სანაცვლოდ მათ რუსთავში გადაყვანას აანონსებს. მაშინ როდესაც ის ვერ ახერხებს გაარემონტოს ერთი სკოლა, დღეს გეგმავს, რუსთავში ააშენოს კამპუსი და მთლიანობაში, ამ ყველაფერს ოთხგვერდიანი დოკუმენტის საფუძველზე გვიანონსებენს, - ამბობს ის.
„უმაღლეს განათლებას კოლაფსი ელის“
მთლიანობაში, გიორგი ხიშტოვანი ვარაუდობს, თუ მმართველი პარტია რეფორმის განხორციელებას შეძლებს, უმაღლესი განათლების სისტემისთვის შედეგი კატასტროფული იქნება.
„თუ ეს რეფორმა რეალურად განხორციელდა, უმაღლეს განათლებას კოლაფსი ელის. ეს იქნება კონკურენტუნარიანი და წარმატებული მოდელის განადგურება და მისი გადაყვანა სახელმწიფო კაპიტალიზმის რელსებზე“, - ამბობს ის
ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი მიდგომა, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის „შაბლონად“ იქცეს სხვა სფეროებშიც, რაც მთლიანად ეკონომიკურ გარემოს საფრთხეს შეუქმნის.
„თუ ეს პრეცედენტი განათლებაში დამკვიდრდა, შესაძლოა, იგივე ტენდენცია ბიზნესის სხვა სექტორებშიც გავრცელდეს, ამიტომ ბიზნესსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა „წერტილთან“ ინტერვიუში.




























