მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება, წელს ნულოვანი ან უარყოფითი ეკონომიკური ზრდა იქნება - გოგა მელიქიძე

გოგა მელიქიძე

თუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება, საქართველოში მიმდინარე წელს ან ნულოვანი ეკონომიკური ზრდა იქნება, ან უარყოფითი - ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ში აცხადებენ.

როგორც Reformatics-ის წარმომადგენელმა, გოგა მელიქიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, მაკროეკონომიკური ფაქტორია, რაც ბიზნესის განწყობასა და მოლოდინებზე ნეგატიურად მოქმედებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი სიგნალი, რომელიც ეკონომიკაში არსებულ ნეგატიურ ტენდენციებზე მიუთითებს, იანვარში დაფიქსირებული ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს 1%-იანი კლებაა.

„საქართველოს ეკონომიკა ღია, დივერსიფიცირებულია და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საგარეო ვაჭრობაზე, იმპორტზე. შესაბამისად, დღგ-ს ბრუნვა ყველაზე კარგი სიგნალია იმისა, თუ რა ხდება ეკონომიკაში. იანვარში დღგ-დან შემოსავლები 1%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც 2024 წლის იანვარში ამ მიმართულებით ზრდა 13.5% იყო, 2023 წლის იანვარში კი - 23%. როდესაც ახლა 1%-იანი შემცირებაა, ამაზე მეტი სიგნალი რაღა გვინდა?

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს გვაქვს, მაკროეკონომიკური ფაქტორია, რაც ყველაფერს ანგრევს. რაც მალე გადაიჭრება პოლიტიკური კრიზისი, ჩვენს ეკონომიკაშიც მოლოდინები უფრო მოწესრიგდება. თუ პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვეში გადაიჭრება, შესაძლოა, პოზიტიურ ეკონომიკურ ზრდაზე გავიდეთ. თუ გაღრმავდა კრიზისი, იზოლაცია, ან ნულოვანი ეკონომიკური ზრდა გვექნება ან უარყოფითი.

ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023-2024 წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო, რაც თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული, გარედან მოსული ფული იყო. ამ ბაზის გამეორება რთულია. მით უფრო, ასეთი პოლიტიკური კრიზისის პირობებში იგივე ბაზა გაიმეორო, თითქმის შეუძლებელია. იმ ფონზე, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაქრა და დასავლურ ორგანიზაციებთან მნიშვნელოვნად გაუარესდა თანამშრომლობა“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები