თუ პრიორიტეტია კულტურული მემკვიდრეობა, რანაირად შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები ასეთ სავალალო მდგომარეობაში იყოს?! - ასე მიმართა ტურიზმის ანალიტიკოსმა და ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა, ია თაბაგარმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაია ომიაძეს და განუცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობები იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ისინი 5, ან 3 წლის წინ იყო.
საუბარია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ პრეზენტაციაზე "ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები", რომელსაც სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურიზმის ანალიტიკოსმა, ღონისძიებაზე იმ გამოწვევების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ტურიზმის სექტორშია. მათ შორისაა, ტურისტებისთვის სველი წერტილების არ არსებობა და მთის კურორტებზე მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.
„არავინ ამაზე რანაირად არ ლაპარაკობთ? - მარტო ლამაზ ფოტოებს ვიღებთ? ბევრად უარესი მდგომარეობაა[კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებში], ვიდრე ხუთი წლის წინ. ბევრად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე სამი წლის წინ და ყველგან ასეა. ანუ ჩამოიშალა ეს ყველაფერი.
ადრე ვამბობდი და საზოგადოება თითქოს არ მეთანხმებოდა. ეგონათ, რომ ვაჭარბებდი. ვამბობდი, ბოლოს იმით დამთავრდება კულტურა დაგვრჩება მუზეუმებში მეთქი. თუ ახლა მეტყვით, რომ სადმე ან სველი წერტილებია ტურისტებისთვის აშენებული ან რამე კარგად ფუნქციონირებს?! აგერ ახსენებს, გუდაურშიო ტროტუარი არ არისო - ბაკურიანი რა, უკეთეს მდგომარეობაშია, გოდერძი თუ სვანეთი?-ზოგან დენი არ არის“, - ამბობს ია თაბაგარი.
ტურიზმის ანალიტიკოსის და ტურისტული კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, სახელმწიფოს წარმომადგენლები ხშირად კმაყოფილი სახეებით საუბრობენ იმ სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც საეჭვოა. მაშინ, როდესაც მასპინძლობის ინდუსტრიას სასიხარულოდ საქმე არ აქვს.
„მე მინდა მთელი საქართველოს მასპინძლობის ინდუსტრია და ტურიზმი მოვიცვა იმ ძალიან მაღალი გადასახადებით, იმ ინფლაციით და არ მგონია, რომ ჩვენ ძალიან სასიხარულოდ გვქონდეს საქმე და ყველაზე გამაღიზიანებელი ის არის, რომ მუდმივად ვხვდებით თვითკმაყოფილ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომლებიც კმაყოფილი სახეებით საუბრობენ, ციფრებით და ეს ციფრები არის ძალიან დამაეჭვებელი“,- ამბობს სექტორის წარმომადგენელი.