საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ია თაბაგარის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საერთაშორისო ვიზიტორების ნაწილმა, საქართველოში ვიზიტი გადადო ან საერთოდ გააუქმა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა იყო.
„მაგალითად, ამერიკელი ტურისტების ტიპური ჯგუფები, რომლებიც კავკასიაში სამივე ქვეყნის მოსანახულებლად ჩამოდიან, ჯავშნებს მასობრივად აუქმებენ... ისინი ტურს აზერბაიჯანიდან იწყებდნენ და რეგიონში სიტუაციის პირველივე დაძაბვისთანავე უარი თქვეს ვიზიტზე. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ტური მთლიანად საქართველოში გადმოეტანათ, თუმცა უარი მივიღეთ - მიზეზად სომხეთის ირანთან მეზობლობა დასახელდა. დღეს ვერცერთი ტუროპერატორი ვერ მისცემს ტურისტს უსაფრთხოების გარანტიას. ამას ემატება ლოგისტიკური პრობლემებიც - ჩრდილოეთ ამერიკელი ვიზიტორების დიდი ნაწილი დუბაისა და დოჰას ტრანზიტით სარგებლობდა, ამ აეროპორტების შეფერხებით მუშაობა კი ჯავშნების გაუქმებას პირდაპირ განაპირობებს. ილუზია არ მაქვს, რომ წელს ეს ნაკადები ხელახლა დაიჯავშნება“, - აცხადებს ია თაბაგარი.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, შსს, რომელსაც ეყრდნობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ვიზიტორების ოფიციალურ სტატისტიკას მხოლოდ კვარტალში ერთხელ ასაჯაროებს, ნაცვლად - ყოველთვე გამოქვეყნებისა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი როგორ აისახა მარტში ტურისტული ნაკადების სტატისტიკაზე.
როგორც ია თაბაგრმა აღნიშნა, ვიზიტორთა ნაკადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ბიზნესს სრულყოფილი ანალიზის საშუალებას არ აძლევს, რაც საჭიროა მათ შორის მოკლევადიანი მარკეტინგული აქტივობების დასაგეგმად.
„ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემები. 2 აპრილია და მართლა ცნობისმოყვარეობა მკლავს, ვიცოდე მარტში რამდენი უცხოელი ესტუმრა ქვეყანას და რომელი ქვეყნებიდან“, - აღნიშნა მან.
შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა „გამოწუროს“ პოტენციალი ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი ქვეყანა კარგად ცნობილი და პოპულარული მიმართულებაა. ასევე, მიაჩნია, რომ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის კრიზისისა, მეზობელი სომხეთი და თურქეთი კვლავ რჩება იმ ბაზრებად, საიდანაც ზაფხულის სეზონისთვის ტურისტების მოზიდვა რეალურია.
აღსანიშნავია, რომ ია თაბაგარმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ტურიზმის ბიზნესში - როგორი იყო ზამთრის სეზონი, როგორია ზაფხულისთვის ჯავშნები და რომელი ქვეყნებიდან ელიან ტურისტებს. კითხვებს გიდებმა, ჰოტელიერებმა და ტუროპერატორებმა უპასუხეს - ჯამში 70-მდე კომენტარი დაგროვდა. ინდუსტრიის დიდი ნაწილი ზამთრის სეზონით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია, თუმცა მიუხედავად ზაფხულის იმედიანი მოლოდინისა, აშკარად ჭარბობდა წუხილი არაპროგნოზირებად გარემოზე - გაურკვევლობა კი, ძირითადად, სწორედ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტითაა გამოწვეული.
BMG გთავაზობთ ტურიზმის ბიზნესის შეფასებებს ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობის შესახებ:
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი: „იანვარ-თებერვალი თბილისში აშკარად სჯობდა წინა წლებს. ზრდა თითქმის +8-10% იყო. მარტში [ჯავშნების] თითქმის 45-50% გაუქმდა... სარვამარტოდ რუსებით გაივსო... აპრილის [ჯავშნების] თითქმის 50% გაუქმდა, განსაკუთრებით 1-10 აპრილი - პასექი ისრაელიდან. ამ ეტაპზე პროგნოზი თითქმის შეუძლებელია, ბევრი ჯავშანი სტენდბაიზეა. ველოდებით მოვლენების განვითარებას”.
ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის” მენეჯერი: “იანვარი და თებერვალი გვქონდა ძალიან კარგი. კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში დაიწყო თუ არა, დაიწყო გაუქმებები მცირე pick up ვაკეთებთ, მაგრამ ჩახსნების გამო მარტი-აპრილი დიდად წინ არ წასულა. მაისიდან სიტუაცია უკეთესია, თუმცა უნდა ვნახოთ რა იქნება. ამ ეტაპზე რუსეთია ყველაზე აქტიური“
ტურისტული კომპანია “ტრეფიკ ტრეველ ჯორჯიას” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე: „მარტის ყველა ჯავშანი გამიუქმდა გუდაურის, ზაფხულის ჯავშნები მინიმუმზეა”
Step Inn – Kazbegi-ს დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი: „ყაზბეგში, საერთოდ არ გვყავს ტურისტი. გუდაურში გონდოლები ცარიელია. უამრავი ადამიანი ეძებს სამსახურს, პირველად ხდება ასეთი რამ“
Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი: “ქუთაისშიც ცუდი სიტუაციაა, სასტუმროებში - განსაკუთრებით”.
„სისატურას“ დამფუძნებელი მარიკა თოდუა: „აპრილში 3 ჯავშანი მაქვს მხოლოდ და ეს სულ ასე იყო, მაისი შარშანდელზე მეტია. ევროპა, ავსტრალია, ამერიკაც მზარდია და თურქეთი. აზია წელს ჯერჯერობით არ ჩანს. თუ რამე არ აირია, შარშანდელზე უკეთესი სეზონი იქნება წესით“
გიდი ნუცა ცქიმანაური: „ჩემთან ჯავშნები არის, მაგრამ ბაზარია შეცვლილი და ადრე თუ დიდი ჯგუფები იყო, ახლა 10-15 კაცზეა ჩამოსული. უფრო ბიუჯეტური ჯგუფები ჭარბობს, ჩემი დაკვირვებით“
სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ეკატერინე გველესიანი: „ზაფხულის ჯავშნები გვაქვს, მაგრამ გარანტირებული არაა. ტურისტებს ველით ძირითადად ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან. ზოგად მდგომარეობას რაც შეეხება, დატვირთულობა ნუ მოგვატყუებს, საშუალო დღიურ ფასს ყოველწლიურად ვამცირებთ დაბალმხარჯველუნარიან სეგმენტზე გადასვლის გამო. შემოსავლები კლებადია, ხარჯები მზარდი. მდგრადი ტურიზმი ამ ქვეყანაში არ არსებობს".
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა ტურიზმის სექტორზე|საინვესტიციო ბანკების პროგნოზები
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის შესაძლო გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე ზომავენ და პროგნოზებს აკეთებენ ქართული საინვესტიციო ბანკებიც. მაგალითად, Galt & Taggart-მა ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი $100 მლნ-ით შეამცირა. თუ ირანის ომამდე საინვეტიციო ბანკი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 5 მლრდ დოლარს პროგნოზირებდა, განახლებული შეფასებით, საერთაშორისო მოგზაურებისგან წელს ქვეყანა 4.9 მლრდ დოლარს მიიღებს.
ტურიზმის სექტორზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენაზე პუბლიკაცია მოამზადა თიბისი კაპიტალმაც, რომლის პროგნოზითაც, თუ სამხედრო ესკალაცია პრილის შუა რიცხვებისთვის შენელდება, ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისი 220 მილიონ დოლარამდე იქნება. საინვესტიციო ბანკის შეფასებითვე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ქართული ტურიზმისთვის მნიშვნელოვან უარყოფით რისკებს შეიცავს, რადგან ამ რეგიონიდან ვიზიტორები შესაძლოა, 6-დან 27%-მდე შემცირდეს.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ბაზრების წილი ვიზიტების ჯამურ რაოდენობაში 10-11%-ია,თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მისი წილი თითქმის 20%-ს აღწევს. რისი მიზეზიც არის ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტები.მაგალითად, ისრაელელი ვიზიტორები საქართველოში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3 589 ლარს ხარჯავენ, საუდის არაბეთიდან უფრო მეტი - 3 941 ლარი იხარჯება; ხოლო გაერთიანებული არაბთა საამიროების შემთხვევაში ეს 3 239 ლარია.
რამდენი მილიარდი მიიღო საქართველომ ირანიდან, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025-ში




























