მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ქვეყანა [კორუფციისგან] გაიწმინდება, ბიზნესგარემო უფრო სტაბილური გახდება“|ინტერვიუ

ირაკლი ცანკაშვილი

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთლად ჩამოყალიბებულები არ ვართ, საით მივდივართ“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა ირაკლი ცანკაშვილმა კითხვას, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და საგარეო კურსთან გაჩენილ კითხვებს შეეხებოდა. ამასთან, ბიზნესმენმა ისიც აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ბოლო თვეებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო, მნიშვნელოვანია. „თუ ქვეყანა [კორუფციისგან] გაიწმინდება, ბიზნესგარემო უფრო სტაბილური გახდება როგორც - უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის“, - აცხადებს ბიზნესმენი.

- „არ ვიცით სად მივდივართ, არასტაბილურობა ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა“ - ამბობდით 2023 წელს, “წერტილთან“ ინტერვიუში. 2026 წელია - რას ფიქრობთ დღეს, სად მიდის ეს ქვეყანა და რამდენად პროგნოზირებადია ბიზნესგარემო?

- რაც შეეხება სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, მგონი, ჯერ კიდევ მთლად ჩამოყალიბებულები არ ვართ, საით მივდივართ... სტაბილურობის კუთხით არსებობს საკმაოდ დიდი პრობლემები - მოდი ასე ვთქვათ, გაურკვევლობა. ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც არის ძალიან კარგი. დიდი იმედი მაქვს, ბოლომდე მივა ეს ბრძოლა, რადგან პირველ რიგში, ყველა პროცესს კორუფცია აფერხებს. ამდენად, თუ ქვეყანა [კორუფციისგან] გაიწმინდება, ბიზნესგარემო უფრო სტაბილური, სანდო და მიმზიდველი გახდება როგორც - უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის... შესაბამისად, ბიზნესმენი უფრო თამამად შეძლებს ფულის ჩადებას ამა თუ იმ საქმეში და მის განვითარებას. ამდენად, დღეს, ცოტა ორგვაროვანი მდგომარეობა გვაქვს: ერთი მხრივ, რაღაც კარგისკენ ნამდვილად მივდივართ და ობიექტურები უნდა ვიყოთ - რაც კარგია, იმას ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ მეორე მხრივ, იმავე წონით ვართ აბსოლუტურ გაურკვევლობაში. ალბათ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთზეა მიჯაჭვული.

- გაურკვევლობაში, ძირითადად, საგარეო კურსის მიმართულებით არსებულ კითხვებს გულისხმობთ?

- არა; ზოგადად, ბიზნესგარემოს სტაბილურობას ვგულისხმობ. რაც შეეხება საგარეო კურსს, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან გაურკვეველი სიტუაციაა - იქითაც ვართ, აქეთაც ვართ... მგონი, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ქვეყანა... თქვენ ხედავთ კონკრეტულ კურსს - საით მივდივართ?

- ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ევროკავშირის გზიდან არ გადაუხვევია, მაგრამ ფაქტია, კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის ნიშნებიც არ ჩანს... ისე რადგან ლოგისტიკის სფეროში ხართ და ბევრი უცხოელი პარტნიორი გყავთ, საინტერესოა რამდენად აქვს მათთვის მნიშვნელობა პოლიტიკურ სტაბილურობას და საგარეო კურსს თუ ამ ბიზნესში მთავარია დერეფანი იყოს სტაბილური და ტარიფები გამჭოლი?

- რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა...

- „სად მიდიხართ, ვერ გავიგეთ თქვენი კურსიო“ - თუ გისვამენ მსგავს კითხვებს?

- როგორ არა, გვისვამენ. ნებისმიერი პარტნიორისთვის თუ ინვესტორისთვის ამას აქვს მნიშვნელობა. თუნდაც ის, რომ თავისი ტვირთი ჩვენს დერეფანზე გაატაროს, ხომ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ტვირთი მშვიდად და უსაფრთხოდ გაივლის?! უნდა იცოდეს, რომ ხვალ და ზეგ უცებ რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში ან სანქციების ქვეშ არ აღმოჩნდება მისი ტვირთი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და ამას კითხულობენ, ამიტომ იმედი მაქვს, როგორც ქვეყანა ჩამოვყალიბდებით [საით მივდივართ]...

- საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, რა ინტენსივობით ისმევა კითხვები? ჯერჯერობით, კითხვის ნიშნების მიუხედავად, სანქციის დარღვევის ფაქტი საქართველოში არ დაფიქსირებულა...

- მეც ვერ ვიტყვი, რომ [სანქციების დარღვევის] ფაქტები არსებობს. ამ შემთხვევაშიც, მინდა, ობიექტური ვიყო - მსგავსი რამ არ გამიგია და ჩემი თვალით არ დამინახავს. საბაჟო საკმაოდ მკაცრად უდგება ამ საკითხს. ამის გამო საბაჟო პროცედურები საზღვარზე ცოტა გართულებული და შენელებულიც კი არის, მაგრამ მესმის - თავს იზღვევენ, განსაკუთრებით ისეთ კომპონენტში, როგორიც მსუბუქი მანქანების ტრანზიტია. გარდა იმისა, რომ შეხება მაქვს საბაჟოსთან, ამ სტრუქტურაში მეგობრებიც მყავს და მათგანაც ვიცი, რომ ძალიან ფრთხილად მუშაობენ - ეშინიათ, რამე პატარა დეტალიც არ გაეპაროთ...

- წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?

- იქნებ ამ წელს კორუფციას საბოლოოდ დავუსვათ წერტილი.

- თქვენ ბიზნესში ასე გაწუხებდათ კორუფცია?

- ყოველდღიურობაში - არა... მე ვგულისხმობ ელიტურ კორუფციას, რომელთან ბრძოლაც დაიწყო [როგორც მთავრობა გვეუბნება] და კარგია, რაც დაიწყო. რაც არ უნდა ქვედა დონეზე არ იყოს კორუფცია, თუ „ზევით“ ყველაფერი ჩაკეტილია, ინვესტიციაც არ იქნება...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები