იაპონური ენერგეტიკული სექტორის გიგანტებმა, JERA-მ და Tohoku Electric Power Co.-მ განაცხადეს, რომ თუ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდება, ისინი ალტერნატივებს უპრობლემოდ გამონახავენ. აღსანიშნავია, რომ ამომავალი მზის ქვეყანა რუსულ ბუნებრივ აირს გათხევადებული ფორმით, Sakhalin 2-ის პროექტის ფარგლებში იღებს. ცნობისთვის, JERA ყოველწლიურად 30-35 მილიონ ტონა LNG-ს იმპორტს ახორციელებს, საიდანაც რუსულ გაზზე მხოლოდ 2 მილიონი მოდის. რაც შეეხება Tohoku Electric-სს, რუსეთზე მისი იმპორტის 10%-ია დამოკიდებული. აქვე უნდა ითქვას, რომ Sakhalin 2-ის ფარგლებში კონტრაქტი ორივე კომპანიას 2030 წლამდე აქვს გაფორმებული.
გაკეთებული განცხადების მიუხედავად, JERA-სა და Tohoku Electric-ში განმარტეს, რომ თავად პროექტიდან გასვლისა და იმპორტის შეწყვეტის სურვილი არ აქვთ, რადგან ეს ძვირად ღირებული სამართლებრივი დავებითა და ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების ზრდით დასრულდება. ჯამურად, იაპონია გათხევადებული ბუნებრივი აირის 9%-ს სწორედ Sakhalin-2-დან იღებს და ამ პროცესის შეჩერებას ერთპიროვნულად არ აპირებს.
შეგახსენებთ, საკითხმა მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც დონალდ ტრამპმა მოკავშირე ქვეყნებს, მათ შორის იაპონიას რუსული ენერგოპროდუქტების შეძენისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა დოლარი, რომელსაც იმპორტიორი ქვეყნები რუსეთს უხდიან, სანქციებსა და ტარიფებს მნიშვნელობას უკარგავს, რუსეთის ომის მანქანას კი უკრაინაში მოქმედებების გაგრძელებაში უწყობს ხელს.




























