მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ სადმე შტატების რაოდენობა გაბერილია, ოპტიმიზაციას უნდა დაექვემდებაროს" - კაკაურიძე სახელმწიფო კომპანიებზე

გიორგი კაკაურიძე პაატა კვიჟინაძე

"თუ სადმე ასე ვთქვათ, შტატების გაბერილი რაოდენობაა, ეს რა თქმა უნდა, დაექვემდებაროს ოპტიმიზაციას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა. ასე გამოეხმაურა კაკაურიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 3 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე სახელმწიფო საწარმოებში საკადრო ოპტიმიზაციით 52 მილიონი ლარის დაზოგვა იგეგმება.

"რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გვაქვს დღის წესრიგში, ეს სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაა და რა თქმა უნდა, რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება კადრების ოპტიმიზაციის ნაწილი, რაც პრემიერმაც განაცხადა. დღევანდელ წელს არის პროგნოზი, რომ დაახლოებით ₾52 მილიონიანი რესურსის გამოთავისუფლდება სახელმწიფო საწარმოებიდან. რაოდენობაზე თანამშრომლების დღეს მე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან სხვადასხვა საწარმოში მიმდინარეობს ეს პროცესი ახლა და როგორც კი დასრულდება ყველა საწარმოში, გახდება ცნობილი თუ რა რაოდენობის კადრებზეა საუბარი.

ვინც არიან პროფესიონალი კადრების შენარჩუნებული იქნება, თუმცა თუ სადმე არის ასე ვთქვათ, გაბერილი რაოდენობა შტატების, ეს რა თქმა უნდა უნდა დაექვემდებაროს ოპტიმიზაციას და მთავარი მიზანი არის, რომ სახელმწიფო საწარმოებში რეფორმა დასრულდეს ისე, რომ სახელმწიფო საწარმოები იყვნენ გარანტირებულად მოგებიანები და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეიტანონ თავიანთი წილი.

როდესაც ვსაუბრობთ კადრებზე, აქ თითოეულ საწარმოში არის ჩასახედი. ამას აკეთებენ შესაბამისი იმ საწარმოს ხელმძღვანელები, სწორედ ამიტომ მე დღეს ვერ ვისაუბრებ ამაზე, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ყველა ის ზედმეტი კადრი, რომელიც საწარმოსთვის არ არის საჭირო დღეის მდგომარეობით, უნდა მოხდეს მათი ოპტიმიზაცია. რაც შეეხება საწარმოების რეფორმას ზოგადად, ეს მიმდინარეობდა და სწორედ დღეს დადგა ის ეტაპი, როცა უკვე საკადრო ოპტიმიზაციის ნაწილში ხდება რეფორმა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

3 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო საწარმოების რეფორმა კიდევ ერთხელ გაიხსენა და კადრების მასშტაბური ოპტიმიზაცია დააანონსა. "ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრის განცხადებით, რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციამ წელს 52,5 მილიონი ლარის ეკონომია მოუტანა ქვეყანას. კერძოდ, მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზაში 36 მილიონი ლარი დაიზოგება, ხოლო ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში – 16,5 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები