მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ [სახელმწიფო საწარმოებში] ₾700 მლნ დაიზოგა, რატომ გახდა საჭირო დენის ტარიფის ზრდა?! - ნიკა ალავიძის კითხვები

ნიკა ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის და საზოგადოებრივი მოძრაობა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელ ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, თუ [სახელმწიფო საწარმოებში] ₾700 მლნ რეალური დანაზოგია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად ჩაიდო ეს თანხა.

საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მათ შორის პრემიერი ირაკლი კობახიძე ხშირად იწონებს თავს სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი 700 მილიონზე მეტი ლარით. „ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი 700 მლნ ლარი ისევ სახელმწიფო საწარმოებში ჩაბრუნდება“ – BMG-ის არქივი ინახავს მსგავსი შინაარსის არაერთ განცხადებას, რომელიც ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის აზრით, „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებები, რომ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით წელიწადში 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, კარგი ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, „მძიმე აღიარებაცაა“, რადგან სახელმწიფო კომპანიების არაეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს.

"თუ სახელმწიფო საწარმოებში ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგა და ეს რესურსი სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ენერგოსისტემაში, უნდა დაბრუნდეს, რატომ გახდა საჭირო იმავე პერიოდში დამატებითი ტვირთის გადატანა მოსახლეობასა და ბიზნესზე დენის ტარიფის ზრდით?!“ - კითხვას სვამს ნიკოლოზ ალავიძე.

მისივე შეფასებით, „გამჭვირვალობის გარეშე ოპტიმიზაცია “მთავრობის წარმატების” მსუბუქი პრესრელიზია, ხოლო რეალური ინვოისი ოჯახებსა და ბიზნესზე გადადის“.

სახელმწიფო საწარმოებში არსებულ მდგომარეობასა და მათ შორის 700 მილიონის დაზოგვის საკითხზე, რითაც ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ბლოგში -ეკონომიკა მხოლოდ პრეზენტაციებით არ ცხოვრობს|რეალობა ბედნიერი რიცხვების მიღმა“.

"700 მილიონი ლარის „დაზოგვა“ - რეფორმა თუ აღიარება?

მთავრობის განცხადება, რომ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით წელიწადში 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, ძალიან სერიოზული განცხადებაა. თუ ეს მაჩვენებელი ზუსტია, ეს კარგი ამბავია, არაეფექტიანობის შემცირება მოქალაქისთვის სასარგებლოა, მაგრამ ეს ერთდროულად მძიმე აღიარებაცაა. სისტემა, რომელსაც ერთ წელიწადში 700 მილიონი ლარის დაზოგვა შეუძლია, მანამდე ძალიან დიდ არაეფექტიანობას ატარებდა. ეს თანხა ჰაერიდან არ ჩნდება. ის უნდა მოდიოდეს კონკრეტული წყაროდან ჭარბი და არაეფექტიანი დასაქმებიდან, შესყიდვებიდან, ადმინისტრაციული ხარჯებიდან, ვალის მომსახურებიდან, ზარალის შემცირებიდან, პროექტების გადახედვიდან ან ხარჯების გადავადებიდან.

ამიტომ აუდიტირებული, საწარმოებად და ხარჯის კატეგორიებად ჩაშლილი ანგარიშის გარეშე ეს რიცხვი რეფორმის მტკიცებულებად ვერ გამოდგება. ის რჩება პოლიტიკურ გზავნილად, რომელიც დეტალურ გადამოწმებას მოითხოვს. თუ 700 მილიონი ლარი რეალური დანაზოგია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომელ საწარმოებში დაიზოგა, რა მექანიზმით, რამდენია ნაღდი ფულადი დანაზოგი და რამდენი უბრალოდ გადავადებული ხარჯი, სად ჩაიდო ეს თანხა და რა კონკრეტული შედეგი უნდა მიიღოს ქვეყანამ.

სხვა შემთხვევაში, 700 მილიონი ლარი არა რეფორმის შედეგი, არამედ სისტემის არაეფექტიანობის აღიარებაა.

ტარიფის წინააღმდეგობა

ყველაზე მკაფიო წინააღმდეგობა ელექტროენერგიის ტარიფში ჩანს.

გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ტექნიკური არგუმენტი და განმარტება, მოხმარების ზრდა, იმპორტდამოკიდებულება, გადამცემი ქსელის რეაბილიტაცია და საინვესტიციო საჭიროებები იყო. ეს მიზეზები შეიძლება რეალური იყოს, მაგრამ ისინი არ და ვერ გადაფარავს მთავარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კითხვას. თუ სახელმწიფო საწარმოებში ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგა და ეს რესურსი სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის ენერგოსისტემაში, უნდა დაბრუნდეს, რატომ გახდა საჭირო იმავე პერიოდში დამატებითი ტვირთის გადატანა მოსახლეობასა და ბიზნესზე ტარიფის ზრდით?

კითხვა არ დგას რეალურად სჭირდება თუ არა ენერგოსისტემას ინვესტიცია? სჭირდება. საკითხი დგას თუ როგორ იყოფა ეს ტვირთი სახელმწიფოს, სახელმწიფო საწარმოებს, ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის.

ერთ მხარეს გვაქვს „დაზოგილი“ 700 მილიონი ლარი. მეორე მხარეს გაზრდილი ტარიფი, რისი მობილიზებით შესაძლო შემოსავალი წელიწადში არსებული მოხმარებით შესაძლოა 350–450 მილიონი ლარის ფარგლებში იქნეს მობილიზებული. აშკარად დანაზოგზე ნაკლები. ამიტომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული სურათი სად წავიდა დანაზოგი, რა დააფინანსა ტარიფმა და რომელი კონკრეტული პროექტები მიიღებს ამ დამატებით რესურსს“, - წერს ნიკა ალავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები