მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ სანქცია შეეხო [ნათია თურნავას], მას არ აქვს უფლება, არ გადადგეს" - ფინანსისტი

silver bank

ფინანსისტის, ვასილ რევიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაცია უკვე დაზიანებულია, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას რაიმე სახით დასანქცირების შემთხვევაში, მას უფლება არ აქვს, რომ თანამდებობიდან არ გადადგეს. ამის შესახებ ფინანსისტმა BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის თანამდებობას არ დატოვებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის ხაზინად იქცევა.

საქმე ის არის, რომ ნათია თურნავა იმ 26 პირიდან ერთ-ერთია, რომელთა დასანქცირება, რამდენიმე დღის წინ, კონგრესმენებმა შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანს მოსთხოვეს."რადიო თავისუფლების" წყაროს ცნობით, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს და საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი პირების დასანქცირება მოითხოვეს. ამ ადამიანებს ისინი ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის ნაწილად მოიხსენიებენ.

„სებ-ის რეპუტაცია უკვე დაზიანებულია. თუ დავუშვებთ, რომ რაღაც ტიპის სანქცია ნათია თურნავას აქვს, მას არ აქვს უფლება, რომ არ გადადგეს. რადგან, ამით ის პირდაპირ ამბობს, რომ ცენტრალური ბანკი ურთიერთობას წყვეტს ყველასთან და ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხაზინა ვხდებით“, - ამბობს რევიშვილი.

ის ასევე დასძენს, რომ თუ ადრე ეკონომიკურად ნეიტრალური კომენტატორები სებ-ის დამოუკიდებლობის საკითხზე ფრთხილად საუბრობდნენ, ახლა ფაქტობრივად პირდაპირ არის გამოცხადებული, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის თავისუფალი ინსტიტუცია. ანუ, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის სიძლიერე, საქართველოს გამოეცალა. მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც Fitch-ის რეიტინგი გაუარესდა.

„როდესაც მონეტარული პოლიტიკის გატარების ადეკვატურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეს დიდი პრობლემაა, - ამბობს ფინანსისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები