საქართველოს ინფორმაციულ - ტექნოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე თოხაძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ თუ საქართველო ევროპულ ორბიტას ჩამოშორდება, ის ეკონომიკისა და ქვეყნის მთავარ საყრდენს დაკარგავს.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე რეჟიმს აპროტესტებენ, არიან გამორჩეული ინტელექტუალი ნაწილი. თუმცა, თოხაძე დასძენს, რომ საზოგადოებას შორის არ მიდის კონსტრუქციული დიალოგი და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მთავრობის დაყოფა და გამჭვირვალობა უზრუნველყოს, სიტუაცია პირიქითაა. ანუ აზრთა სხვადასხვაობა დესტრუქციაშია გადასული.
„ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე 12 დღეა აპროტესტებენ, არიან ამ საზოგადოების ყველაზე გამორჩეული, ინტელექტუალი ნაწილი. ესენი არიან სტარტაპერები, დეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები, ტურიზმის თუ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ამ ადამიანებმა შეძლეს და ისეთი რაღაცები ისწავლეს, რაც ჩვენ თაობას საბჭოთა კავშირის მეხსიერებაში და გამოცდილებაში არ გვქონდა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები თავს ძალიან კარგად გაართმევენ კოალიციურად მართვას, მთავრობის კონტროლს. გააკეთონ ის, რაც ჩვენმა თაობებმა ვერ შეძლეს ისე ხარისხიანად და ისე კარგად, რომ დემოკრატიული წყობა გვქონოდა ქვეყანაში.
ჩვენ გვაქვს ასეთი ტიპის მოცემულობა, რომ ვიღებთ ერთ პარტიას და დაყოფილ საზოგადოებას. პარტია დაყოფილ საზოგადოებას ერთმანეთში აპირისპირებს. საზოგადოების დაყოფასა და სხვადასხვა აზრთა განვითარებაში პრობლემა არ არის. პრობლემა არის ის, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა დესტრუქციაში არის გადასული. არ არის კონსტრუქციული დიალოგი და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მოახერხოს მთავრობის დაყოფა და მათ შორის კონკურენციამ კომუნიკაცია და გამჭვირვალობა უზრუნველყოს. ამის მაგივრად გვაქვს უკურეაქცია. სიტუაციის შესაცვლელად, ცხადია არჩევნებს ვეთანხმებით, მაგრამ კითხვაა როგორ მივიდეთ არჩევნებამდე. ჯერ ნებაც არ არსებობს, საუბარიც არ დაწყებულა“,- განაცხადა თორნიკე თოხაძე.
მისივე განმარტებით, ახლა ყველაზე დიდი რისკის, იმედგაცრუების წინაშე დგანან ეს ახალგაზრდები. შეიძლება ეს საპროტესტო აქციები დასრულდეს სხვადასხვანაირად, თუმცა ეს იმედგაცრუება დარჩეს.