თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მერია შესაბამის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, 5 წელში დედაქალაქში გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია იქნება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კახა კალაძემ დღეს თბილისში ავტომობილების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოიშველია და აღნიშნა, რომ ეს რიცხვები დედაქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობას ცხადყოფს.
„მინდა მოგაწოდოთ სტატისტიკა, თუ როგორ იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გააკეთებს შეფასებას და ნახავს რამხელა პრობლემის წინაშე დგას დედაქალაქი. 2017 წელს ავტომობილების მფლობელთა რიცხვი დაახლოებით 31%-ს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 48%-ს აღწევს. საშუალო წლიური ზრდა 8-9% გვაქვს. 5-7 წელიწადში ჩვენ ავტომობილის ფლობის ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს მივაღწევთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ქვეყნებში 5 ან მეტი დღით ავტომობილს მოსახლეობის მხოლოდ 8% გამოიყენებს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია და ეკომეგობრულ ტრანსპორტს იყენებენ, საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
თბილისში 2012 წელს 250 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს ეს რიცხვი 380 00-მდე გაიზარდა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, პიკის საათებში თბილისში 600 000 მეტი ავტომობილი გადაადგილდება, ეს ძალიან დიდი რიცხვია. თან ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ყველამ ვიცით და ეს რიცხვი მზარდია.
თუ ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობასთან, სისწრაფესთან, კომფორტულობასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წელიწადში ფიზიკურად შეუძლებელი იქნება“, - განმარტა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო კოლაფსის განმუხტვის მიზნით ესტაკადების მშენებლობა სწორი მიდგომა არ არის, რადგან რამდენიმე წელიწადში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობის გამო გამტარუნარიანობა კვლავ შეიზღუდება.
„ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე - რატომ არ ვაკეთებთ დამატებით ესტაკადებს - ეს უტოპია და არასწორი მიდგომებია. მაგალითისთვის, გმირთა მოედანზე განხორციელებული ესტაკადები თავის დროზე გამტარი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ეს ესტაკადა ავტომობილების შესაბამის რაოდენობას ვეღარ ატარებს. ვთქვათ, ახლა ავაშენეთ ახალი ესტაკადები 5-7 წლის შემდეგ ავტომობილების დამატების შემდეგ რას ვშვრებით, კიდევ ახალი ესტაკადები უნდა დავამატოთ და ესტაკადების ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი?! ეს არასწორი მიდგომებია, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ასეთი პროექტებით შეიძლება პრობლემა მოიხსნას, ეს დიდი შეცდომა და არასწორი მიდგომებია. მთელ მსოფლიოში ქალაქებში, სადაც იგივე პრობლემები იყო, ის სამუშაოები გაკეთდა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი და შედეგს ხვალ ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს სწორი გზაა. უამრავი თანხები იხარჯება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო დერეფნებს, რომ ადამიანებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება’, - განაცხადა თბილისის მერმა.