„ქართული ოცნება“ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს ისევ ამკაცრებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ აქციის გამართვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო.
"სპონტანური ან არასპონტანური შეკრებების ან მანიფესტაციების ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შსს გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილი და სხვა სვლა-გეზის ცვლილება.
იმ შემთხვევაში, როცა შემოთავაზებული შეკრების ფორმა და ადგილი სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებების ან ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას. თუ სპონტანური და არასპონტანური შეკრების მონაწილეები შსს-ის მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ანდა სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით. ამასთან, განმეორებითი ქმედების ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსკ-ის 347-ე მუხლით. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით", - განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე კირცხალიამ.
მისივე ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას"„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი განმარტავს, რომ ცვლილებებს იღებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ბალანსი როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, ასევე სხვა მოქალაქეების უფლების დაცვის მიმართულებით.




























