მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, ამისთვის არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება, რადგან ეს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევაა - კობახიძე

კობახიძე

"თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, ამისთვის არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება, რადგან ეს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევაა", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.

„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ.

მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება - დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები