ვაქცინაციის ეროვნული სამიზნე 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1,000,785 ადამიანი, რაც ზრდასრულთა 35.2%-ია. ხოლო ორჯერადად ვაქცინირებულია 870,060 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 30.6%-ია.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, ანუ 209 დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ ქვეყანაში სულ 1,874,845 აცრა ჩატარდა, რაც დღეში საშუალოდ 8,970 აცრას ნიშნავს. თუმცა, რეალურად ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია ყველაზე მაღალი ტემპით ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე წარიმართა, როდესაც დღიურად 20,000-25,000-ზე მეტი აცრა ტარდებოდა. სექტემბრის მეორე ნახევრიდან კი აცრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში სულ 3,442 აცრა ჩატარდა, თანაც ამ აცრების 2/3 არა პირველად, არამედ მეორე დოზის ვაქცინაციებზე მოდიოდა.
ვაქცინაციის ეროვნული სამიზნე 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრას ითვალისწინებს. თუმცა, თუკი წლის ბოლომდე დარჩენილ 81 დღეში ვაქცინაციის არსებული ტემპი შენარჩუნდა, ქვეყანა ვაქცინაციის სამიზნეს ვერ მიაღწევს და აცრილთა რაოდენობა მხოლოდ 281 ათასით გაიზრდება. ამ ტემპის შენარჩუნებით, მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა მთლიანი რაოდენობა წლის ბოლომდე 1,283,000 გახდება, რაც ზრდასრული მოსახლეობის არა 60%, არამედ 45% იქნება. შესაბამისად, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია ფაქტობრივად ჩავარდება და ქვეყანა COVID-19-ის, დელტა შტამის წინაშე უფრო დაუცველი აღმოჩნდება.