მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვითარება მალე არ გაირკვევა, ინვესტორების ნაწილი საქართველოში საქმიანობის შეჩერებას განიხილავს - ფადი ასლი

ფადი ასლი

თუკი საქართველოში ვითარება უახლოეს კვირებში არ გაირკვევა, ინვესტორების ნაწილი ქვეყანაში საქმიანობის შეჩერებას განიხილავს - ამის შესახებ ICC საქართველოს თავმჯდომარე აცხადებს.

როგორც ფადი ასლიმ BMG-ის განუცხადა, დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციების ფონზე, კომპანიების ნაწილი საქართველოდან გასვლას არ გამორიცხავს.

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ როგორც პალატის წევრები, ასევე სხვა უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი შეშფოთებულები არიან და მათ ნაწილს საინვესტიციო პროექტები დროებით შეჩერებული აქვს.

მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის მთავარი პრობლემა დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციებია, რომელთა დაწესების შემთხვევაშიც, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება.

„ბევრი ინვესტორისგან მსმენია, რომ თუკი საქართველოში ვითარება უახლოეს კვირებში არ გაირკვევა, ისინი ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის შეჩერებას განიხილავენ. ესენი შედარებით მცირე ინვესტორები არიან, რადგან საქართველოს მსხვილი ინვესტორები პრაქტიკულად არ ჰყავს. ასე რომ სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია, რასაც გავლენა ბიზნესსა და ინვესტორებზეც აქვს. ამ ინვესტორების დიდი ნაწილი უძრავი ქონების და დეველოპმენტის სექტორში მუშაობს. მათი ნაწილი შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა, ნაწილი კი ევროპიდან. ისინი ღელავენ საკუთარ ინვესტიციებზე, არ იციან, საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებენ თუ არა თავიანთი ინვესტიციების გაყიდვას და ქვეყნის დატოვებას.

ერთ-ერთმა ინვესტორმა ისიც კი მითხრა, რომ მზადაა, თვითღირებულების ფასად გაყიდოს ინვესტიცია. ინვესტორების ნაწილს ახლა საინვესტიციო პროექტები დროებით გაჩერებული აქვს. ინვესტორებს დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების ეშინიათ, თუკი ქვეყანაში მთავარი პოლიტიკოსები დასანქცირებულები იქნებიან, საფინანსო სისტემა დასანქცირდება, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნება. ამ შემთხვევაში, გადარიცხვები გართულდება, ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგი დაეცემა, ფინანსური რესურსის ფასი გაიზრდება, სწორედ ამის შიში აქვს ბიზნესს“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები