მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ყველა ბიზნესჯგუფი ხმას ამოიღებს, ყველა საკითხი მარტივად გადაწყდება“ - ცეზარ ჩოჩელი

640dd6f0562b4
თინათინ ნატმელაძე
12.03.23 17:55
1150
„დღეს ქართული ბიუჯეტის 80% დაახლოებით 140-150 ბიზნესჯგუფზე მოდის, ამ ბიზნეს ჯგუფებმა რომ ხმა ამოიღონ და თქვან, რომ ასე ცხოვრება არ გვინდა, ყველა საკითხი მარტივად გადაწყდება“, - განაცხადა „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში.

ბიზნესმენმა პირადი ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენებს, რომლებიც დღეს ჩუმად არიან, ვერ წარმოუდგენიათ, რომ მომავალში ეს პრობლემები მათაც შეეხებათ.

„ჩემთვის ეს ცოტა რთული წარმოსადგენია, მე არ მესმის ასეთი ბიზნესმენების. მართალია, ყველას თავისი ხედვა აქვს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ თუ ჩუმად იქნებიან, ასე თავიანთი ბიზნესის განვითარებას შეძლებენ, მე კი პირიქით ვფიქრობ - თუ დღეს გაჩუმდები, ხვალ და ზეგ ეს პრობლემა უკვე შენ შეგეხება, შენი მომხრე კი აღარავინ იქნება.

2013 თუ 2014 წელს, როცა მე პრობლემა შემექმნა, რამდენიმე ბიზნესმენს ვთხოვე, რომ ხმა ამოეღოთ, თან ისინი მიცნობდნენ, იმ სირთულეების შესახებაც იცოდნენ, რაც ჩვენ გამოვიარეთ, მაგრამ თავი შეიკავეს, მითხრეს, რომ ჩვენ მდგომარეობაში რთულია ხმის ამოღება, ბიზნესი დიდია, მერე შეიძლება ჩვენც პრობლემა შეგვექმნასო, მაგრამ გავიდა ხანი და ანალოგიური პრობლემები ამ ბიზნესმენებს შეექმნათ“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მისივე ცნობით, სწორედ იმიტომ, რომ თითოეული ბიზნესმენი მხოლოდ პირადი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს, ქუჩაში 100 000 ახალგაზრდა დადგა და ეს საერთო პრობლემა გადაწყვიტა.

ინფორმაციისთვის: რამდენიმე კვირის წინ მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მათი უკან გამოწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები