მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი 5G საქართველოში Huawei-ს ტექნოლოგიით დაინერგება, შესაძლოა, აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი დაირღვეს

თუკი 5G საქართველოში Huawei-ს ტექნოლოგიით დაინერგება, შესაძლოა, აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი დაირღვეს
BM.GE
31.07.23 12:25
136

2021 წლის იანვარში საქართველომ აშშ-სთან გააფორმა მემორანდუმი 5G ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Huawei-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლიანგ ჰუას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს პარტნიორობის სხვადასხვა შესაძლებლობა, მათ შორის პრემიერი Huawei-ს 5G ინფრასტრუქტურასაც გაეცნო.

თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2021 წლის იანვარში საქართველომ აშშ-სთან გააფორმა მემორანდუმი 5G ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ. საქართველოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა დანერგავს მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს მხოლოდ იმ მომწოდებლებისგან, რომლებიც არ არიან შეყვანილი საერთაშორისო კონტროლის სიაში და რომლებიც პატივს სცემენ ინტელექტუალურ საკუთრებას.

“ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მეხუთე თაობის (5G) აპარატურა, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ განიხილეს საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროებში,”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.

“ძლიერი 5G ეკოსისტემის ხელშეწყობისთვის, უნდა მოხდეს მომწოდებელი კომპანიების შეფასება, რაც უნდა ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სისტემის უსაფრთხოება, ეთიკური ბიზნეს-პრაქტიკები და მომწოდებლის შესაბამისობა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებთან. უფრო დეტალურად, შეფასების პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

1) ექვემდებარება თუ არა ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები, დამოუკიდებელი სასამართლო განხილვის გარეშე, უცხოური მთავრობის კონტროლს;
2) ფინანსდებიან თუ არა ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანიები ღიად და გამჭვირვალედ, შესყიდვების, ინვესტიციების და კონტრაქტების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით;
3) აქვთ თუ არა ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიებს ეთიკური კორპორატიული ქცევის პრაქტიკა, მათ შორის მათი საკუთრების გამჭვირვალობა, კორპორატიული მმართველობის სტრუქტურები, გამჭვირვალე პარტნიოროებები და;
4) არიან თუ არა ქსელის აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები ინოვაციებისკენ მოწოდებული და სცემენ თუ არა ისინი ინტელექტუალურ და საკუთრების უფლებებს პატივს,”- ნათქვამია მემორანდუმში.

აშშ უკვე რამდენიმე წელია 5G ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მიმართულებით Huawei-სთან დაკავშირებით რისკებზე მიუთითებს, რაც კომუნისტურ მთავრობასთან კომპანიის სიახლოვეს, ასევე ჩინეთში მოქმედ კანონმდებლობას და კომპანიის მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მიმართულებით სავარაუდო დარღვევებს უკავშირდება. Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ამჟამად განიხილავს სავალდებულო აკრძალვის დაწესებას, რაც 5G ქსელების დანერგვაში არასანდო პარტნიორების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მათ შორის მთავარი საკითხი სწორედ Huawei-ს საქმიანობის შეზღუდვას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები