მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის სტრატკომის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავი სახელმწიფო უწყებისგან იქირავა

პრემიერი
BM. GE
10.09.23 15:04
38

მთავრობის სტრატკომის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავი სახელმწიფო უწყებისგან იქირავა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. სტრატკომი საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის სტრატკომის განცხადებაში არ წერია, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერის დაქირავება და არც იმ ფინანსების წარმომავლობა, რითაც პრემიერის ოჯახმა ჩარტერის ღირებულება გადაიხადა. Bm.ge-მ შესაბამისი კითხვებით მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს უკვე მიმართა. რამდენიმე დღის წინ სტრატკომში განაცხადეს, რომ დაველოდოთ პრემიერის ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებას.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან.

ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე.

აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა", - ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

დღესვე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ.

მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია სახელმწიფოს ხარჯზე. მას საქართველოს კანონი არ დაურღვევია, - თქვა რევაზ ჯაველიძემ.

„პრემიერს სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება აქვს, ამის შესახებ ბატონმა ანზორ ჩუბუნიძემ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. ის კამპანია, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის ცილისმწამებლური, ცრუ და ტყუილი. ეს იყო პრემიერის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან“, - განაცხადა ჯაველიძემ.

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს "ტვ პირველზე" ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გავიდა სიუჟეტი, , რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრი აგვისტოში გერმანიაში ჩარტერული რეისით გაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში გაფრინდა. პრემიერის უკან დაბრუნებას თვითმფრინავი მიუნხენში ელოდა და უკან მთავრობის მეთაური კვლავ ჩარტერული რეისით დაბრუნდა. სიუჟეტში „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური გერმანიაში საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით წავიდა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გუშინვე განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. „ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ", - უთხრა მან "imedinews"-ს.

მიმდინარე კვირაში მთავრობის სტრატკომი ირწმუნებოდა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მათივე მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩაფრინდა ჩარტერული რეისით, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები