მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი AI-ს ქართულ ენაზე არ შევქმნით, ჩვენი ენა კონკურენტუნარიანობას დაკარგავს - ავთანდილ კასრაძე

ავთანდილ კასრაძე

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის სრულ შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკა ვერ აითვისებს, თუკი არ მოხდება ქართულენოვანი AI სისტემების განვითარება. საუბარია, როგორც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ასევე სხვა ფორმების და შესაძლებლობების ხელოვნურ ინტელექტებზე, რომლებსაც ქართულ ენასთან მუშაობა შეუძლიათ. ავთანდილ კასრაძის განცხადებით, ეს ერთის მხრივ აუცილებელია ქართული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განმტკიცებისთვის, მეორეს მხრივ კი გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული ენის რელევანტურობის შენარჩუნებისთვის.

“თუ ქართულ ენაზე ჩვენ ხელოვნური ინტელექტი არ განვავითარეთ, ბევრი კუთხით შიდა ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის სიკეთეების გამოყენება იქნება პრაქტიკულად ნულის დონეზე, რადგანაც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ მხოლოდ გლობალური კომპანიები, რომლებსაც ინგლისურენოვანი მომხმარებლები ჰყავთ. იმისთვის რათა უშუალოდ ჩვენს ეკონომიკაში მივიღოთ სარგებელი, იგივე ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობის სექტორსა და განათლების სექტორში დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი. ამასთან, განათლების სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად ჩვენი მომავალი თაობა ვერ მიიღებს ცოდნას ხელოვნური ინტელექტით, ის კონკურენციაში შედის ინგლისურენოვან მოზარდთან, რომელმაც ხელოვნური ინტელექტით ბევრად უკეთესად მიიღო ინფორმაციები და გამოცდილება, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს შეიძლება მიეღო.

ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ქართული ენა ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს და ის შევქმნათ ქართულ ენაზე. განათლების ნაწილში რაც აღვნიშნე, განსაკუთრებით მომავალ თაობას არ შევუქმენით ის, ქართული ენა უბრალოდ კონკურენტუნარიანობას დაკარგავს. იმიტომ რომ ტექნოლოგიურ ხანაში თუკი ქართულ ენაზეც არ იქნა შესაბამისი ინსტრუმენტი, მაშინ უბრალოდ აღარ დასჭირდება აღარაფერში, არც სამსახურში, არც განათლების მისაღებად ქართული ენა და ეს დაუშვებელია. შესაბამისად, აქ ორი ამოცანა გვაქვს, ერთი რომ შიდა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას შევუწყოთ ხელი და ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლოს ბიზნეს პროცესების დაჩქარება, გაზარდოს ბიზნესის კონკურენტუნარიანობა და მეორეს მხრივ ზოგადად ქართულმა ენამ კონკურენტუნარიანობა არ დაკარგოს ტექნოლოგიურ ხანაში და ქვეყანა ცდილობს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

პარალელურად, საქართველოს მთავრობა ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას განიხილავს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონმდებლობა ეთიკური AI-ს განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება განპირობებულია ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის 13 მარტს მიღებული კანონმდებლობით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირების პირველი პრეცედენტია. რეგულაცია ეხება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შემუშავების, ტესტირებისა და ოპერირების შესაძლებლობებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ ეთიკური ნორმების დაცვასა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის უზრუნველყოფას. ამასთანავე, რეგულაცია განსაზღვარვს თუ რა სახით შეიძლება გამოყენებული იყოს პირის ბიომეტრიული მონაცემებით ამოცნობის სისტემები ევროკავშირის ტერიტორიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები